საქართველოს მთავრობა, უკრაინელ ლტოლვილებს 300 და 45 ლარით 2026 წლის პირველ აპრილამდე დაეხმარება.
ვადის გახანგრძლივების შესახებ მთავრობის განკარგულება გამოიცა, რომლის თანახმადაც, „უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში, ოჯახზე 300-ლარიანი, ხოლო პირზე 45-ლარიანი“ დახმარებებია გათვალისწინებული.
დაფინანსებას სოციალური მომსახურების სააგენტო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე გასცემენ.
ამასთან, 45 ლარი მომდევნო თვიდან არ გაიცემა პირზე, რომელმაც ყოველთვიური შემწეობის − 45 ლარის მიღების უფლება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოიპოვა და/ან საქართველოს ტერიტორია დატოვა, ხოლო 300-ლარიანი დაფინანსება მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
ფულადი დახმარების გარდა, 2026 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა სამედიცინო სერვისებით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობაც.
უკრაინის მოქალაქეებისათვის, უფასოა სერვისები: იმუნიზაცია, ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის, შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება − გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.