ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, რთველის პროცესში ყურძნის ხარისხი პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით კომპრომისები დაუშვებელია.

„ხარისხი რჩება პრიორიტეტად და ხარისხთან მიმართებით კომპრომისები ვერ იქნება დაშვებული. წელს თუ რთველში მკვახე ყურძენი მხოლოდ 5 მანქანა ჩაბარდა, მომავალ წელს 1 მანქანაც არ უნდა იყოს ასეთი — ეს არის ჩვენი მიზანი. დღეს მევენახეებს შეუძლიათ ნაკლები დანახარჯით, ცოტა და ხარისხიანი ყურძნის მოყვანა და დიდი ფინანსური შემოსავლის მიღება“, - განაცხადა მეხუზლამ.

მისივე თქმით, ფერმერებისთვის ჯერ კიდევ თებერვალში იყო ცნობილი სახელმწიფო საწარმოში ყურძნის ჩაბარების სქემა.

მეხუზლას განცხადებით, დიფერენცირებულ ფასებში მინიმალური ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზი უხვი ნალექი და შედარებით გრილი ზაფხული გახდა, რის გამოც ვაზი და ყურძენი სიმწიფის ეტაპზე გვიან შევიდა.

„ბოლო წლებში ეს ერთ-ერთი ყველაზე გვიანი რთველია. მოსახლეობას გაუჩნდა შიში, რომ შესაძლოა ყურძენი ვერ მისულიყო შესაბამის კონდიციამდე. ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების
დადგენის მიზანია, რომ გონივრულად იქნას გამოყენებული შრომაც, ხარჯებიც და შემოსავალიც“, - აღნიშნა მეხუზლამ.

მისივე თქმით, გადამუშავებული ყურძნის სტატისტიკა აჩვენებს, რომ რეფორმა მუშაობს: მევენახეების 99%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა, ხოლო მხოლოდ 0,5% ჩაბარდა უხარისხო სახით.

ინფორმაცია ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.