სამტრედია–გრიგოლეთის საავტომობილო გზის პროექტზე არსებული პრობლემების გამოსწორება მიმდინარეობს, შესაბამისი კონტრაქტორი კი სამუშაოებს აგრძელებს - ამის შესახებ რევაზ სოხაძემ განაცხადა.
სოხაძის კომენტარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მისი თქმით, წლების განმავლობაში, პროექტთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე ხელისუფლება და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ყოველთვის ღიად აწვდიდნენ.
სოხაძის განცხადებით, სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების ნაწილი არასწორად შესრულდა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისი პირები პასუხისმგებლობაში არიან მიცემული და კომპანიებთან, რომლებიც სამუშაოებს ასრულებდნენ, საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს.
„სამტრედია–გრიგოლეთის მონაკვეთზე ჩვენ ყოველთვის ღიად ვსაუბრობდით არსებულ პრობლემებზე. აქ გვქონდა შემთხვევა, როდესაც სამშენებლო სამუშაოები არასწორად შესრულდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, პასუხისმგებლობაში არიან მიცემული შესაბამისი პირები და, ამავე დროს, მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა იმ კომპანიებთან, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდნენ“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის ახლად გახსნილ მონაკვეთზე გამოვლენილ ლოკალურ დეფორმაციებს, რომელთა აღმოსაფხვრელად მოძრაობა ოთხი დღით დროებით შეიზღუდა.
სოხაძის განმარტებით, დასრულებულ საგზაო პროექტებზე მოქმედებს ხელშეკრულებით განსაზღვრული საგარანტიო პერიოდი. ამ პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება კონტრაქტორის ვალდებულებაა და სამუშაოებს კომპანია საკუთარი ხარჯით ასრულებს.„ნებისმიერ დასრულებულ გზაზე მოქმედებს საგარანტიო პასუხისმგებლობა. ეს ნიშნავს, რომ თუ საგარანტიო პერიოდში გარკვეული ხარვეზი გამოვლინდა, კონტრაქტორი ვალდებულია, საკუთარი ხარჯით გამოასწოროს ის“, — განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოვლენილ ხარვეზებს დროული რეაგირება მოჰყვეს.
„ამ შემთხვევაში ხარვეზები გამოვლინდა, კონტრაქტორს მიეცა მათი გამოსწორების დავალება და სამუშაოებს საკუთარი ხარჯით ასრულებს. სწორედ ამისთვის შეიზღუდა მოძრაობა რამდენიმე დღით, რათა სამუშაოები უმოკლეს ვადაში შესრულდეს“, — აღნიშნა სოხაძემ.