„მორჩით ამ ევროპა, ევროპას ძახილს, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ხაზს ვუსვამ, ევროკავშირში და არა ზოგადად ევროპაში“, - წერს სოციალურ ქსელში კრიპტო იურისტი და კრიპტობანკ Yield App-ის რეგიონული მმართველი პარტნიორი ლევან ბოძაშვილი.
მისი მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს არა უბრალოდ ევროპასთან ურთიერთობა, არამედ ევროკავშირში ინტეგრაცია. ბოძაშვილის აზრით, ყველა ეკონომიკური სიკეთე, რომელიც საქართველოს შეუძლია ევროპული სამყაროდან მიიღოს, ევროპის კავშირის დამსახურებაა.
„მორჩით ამ ევროპა, ევროპას ძახილს, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ხაზს ვუსვამ, ევროკავშირში და არა ზოგადად ევროპაში. ამას გვავალებს კონსტიტუცია. ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე. ნუ "აბოლებთ" ხალხს. ევროპაში ისედაც ვართ, ტორტი გვინდა - ევროკავშირი! უვიზო მიმოსვლა ევროკავშირია და არა ევროპა, თავისუფალი ვაჭრობა და ასოცირება ევროკავშირია, და არა ევროპა. თავისუფლება და ერთიანი ბაზარი ევროკავშირია, და არა ევროპა, ასობით მილიონი დახმარებები ევროკავშირია, და არა ევროპა, ღვინის სექტორის წლიური მილიარდიანი დაფინანსება ევროკავშირია, და არა ევროპა, გამართული და ერთიანი კანონმდებლობა ევროკავშირია, და არა ევროპა, მშვიდობა ევროკავშირია, და არა ევროპა, ინფრასტრუქტურული ინვესტირებები ევროკავშირია, და არა ევროპა, გეოპოლიტიკური ზურგი ევროკავშირია, და არა ევროპა, ჰორიზონი, მეცნიერება, განათლება, ტექნოლოგიები, ბედნიერი სტუდენტობა და მომავალი ევროკავშირია, და არა ევროპა, სამართლიანი მართლმსაჯულება ევროკავშირია, და არა ევროპა.
მოკავშირე ევროკავშირია, და არა ევროპა. ევროპაში ყოფნა არ ნიშნავს ევროკავშირში ყოფნას, ევროკავშირში ყოფნა ნიშნავს ევროპაში ყოფნას. მიქარავს ხშირად ევროკავშირი? კი, მაგრამ პლანეტაზე უკეთესი არ არსებობს. მით უმეტეს, ჩვენთვის.
პ.ს. ეგრე ბელარუსიც ევროპაა“, - წერს ლევან ბოძაშვილი.
შეგახსენებთ, მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.