რუსულ ავიაკომპანიებს  მიწისზედა მომსახურებას ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია Aero Handling Georgia გაუწევს. 

იმის შესახებ, რომ Azimuth Airlines-ის შემთხვევაში მიწისზედა მომსახურებას Aero Handling Georgia განახორციელებდა ცნობილი გახდა TAV Georgia-ს განცხადებიდან.

„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia განმარტავს, რომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვის გაცემა ავიაკომპანიებზე მის კომპეტენციას არ განეკუთვნება. აღნიშნულ ნებართვებს გასცემს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
TAV Georgia ავიაკომპანიებს აწვდის სხვადასხვა სერვისს, მათ შორისაა მიწისზედა მომსახურება (ე.წ Ground Handling). მედიასაშუალებების ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ Azimuth Airlines-ის შემთხვევაში მიწისზედა მომსახურებას განახორციელებს კომპანია Aero Handling Georgia“, – აცხადებენ TAV Georgia-ში.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს აერო ჰენდლინგ ჯორჯია 2023 წლის 21 აპრილს დაფუძნდა. კომპანიის დირექტორია დავითი კვარაცხელია, რომელიც იმავდროულად კომპანიის 60%-ს ფლობს. კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელი კი დავით წივწივაძეა.

რეგისტრაციის მისამართით 1993 წელს დაბადებული დავით კვარაცხელია, იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც პრორუსი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია. 

რაც შეეხება მეორე მეწილე დავით წივწივაძეს ის ბინაში „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტ თამაზ გაიაშვილთან ერთად არის რეგისტრირებული. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია დავით წივწივაძე თამაზ გაიაშვილის დის შვილიშვილია.