საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 8 ნოემბერს თბილისში 20:00 საათზე სამოქალაქო შეკრება გაიმართება, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის წევრობის შესახებ სტატუსზე ევროკომისიის დასკვნას გამოეხმაურება. 

მისი თქმით, იგეგმებოდა კონცერტის გამართვა, თუმცა კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, ღონისძიების ფორმატი შეიცვალა. 

„ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არ არის გადაწყვეტილება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვგეგმავდით, ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე შეკრებას, არა ზეიმისთვის, რადგან ზეიმი ჯერ ადრეა, არამედ იმისთვის, რომ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიც ყველა იქნებით ჩართული. ეს უნდა იყოს ერთიანი, დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია და ხვალ იქნება ამის საწყისი. 

რადგან რუსეთმა სცადა ჩვენი დღის წესრიგის შეცვლა და ჩვენ მართლაც დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი, შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე და ეს იქნება არა კონცერტი, არამედ შეკრება. ხვალ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და ევროპაში გავაგზავნით ჩვენს ხმას, ინდივიდუალურად და ერთხმად. ეს იქნება ჩვენი პასუხი რუსეთისთვის, რუსეთი ვერასდროს შეგვიცვლის დღის წესრიგს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნების საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას 15 დეკემბერს მიიღებენ.