სად წავა და როგორ გადანაწილდება, რა ბედი ეწევა, ბარიერს მიღმა დარჩენილ პარტიებზე მიცემულ ხმებს? - "კომერსანტის" ამ კითხვას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პასუხობს. მისი განმარტებით, მოქალაქეთა ხმები, რომლებიც ისეთმა პარტიებმა მიიღეს, რომლებმაც ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს, არ ჩაითვლება საერთო ხმების განაწილებაში. პირდაპირ ეს ხმები გავლენას საარჩევნო პროცესზე ვერ მოახდენს და არაფერზე იმოქმედებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ხმა დაიკარგება, რადგან, როგორც კონსტიტუციონალისტი გვიხსნის, ირიბად ეს ხმები სხვა პარტრიებზე გადანაწილდება იმ პროპორციით, რა პროპორციააც აჩვენეს ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა საერთო არჩევნებში.

"რთული ფორმულაა. პარლამენტის დაკომპლექტებაზე გავლენას ახდენს არა ყველა ხმა, რომელიც არჩევნებზე ფიქსირდება, არამედ მხოლოდ ის, ვის მიერ მხარდაჭერილი პარტიებიც ბარიერს გადალახავენ. ეგ ნიშნავს იმას, რომ ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების მხარდამწერთა ხმები გადანაწილდება იმ პროპორციით რა პროპორციაც ბარიერგადალახულ პარტიებს აქვთ ბარიერგადალახული ხმების საერთო ჯამში. შეჯამების სახით გეტყვით, რომ ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების მხარდამწერთა ხმები პარკლამენტის დაკომპლექტებაზე ირიბ, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს," - განუცხადა ვახუშტი მენაბდემ "კომერსანტს".

ცნობისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.

შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს.  ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.