პროდასავლური პოლიტიკური ძალები -  "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" და "ძლიერი საქართველო" ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას განცხადებით მიმართავენ და საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებისკებ მოუწოდებენ, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ.

"ქალბატონო პრეზიდენტო,

საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით მადლობას ვუხდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ODIHR-ს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფისადმი გამოჩენილი უწყვეტი ერთგულებისთვის.

სამწუხაროდ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციური და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით. ფალსიფიკაციის მასშტაბმა და ინტენსივობამ ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას და საზოგადოებრივ ნდობას. შედეგად, დღეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებით დაკომპლექტებული „პარლამენტი“ და მისი მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად და ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ განხორციელდა უკანონო დაკავებები, ძალადობა და რეპრესიები. დღეს 50-ზე მეტი ადამიანი რჩება ციხეში, ასობით კი ადმინისტრაციული ბრალდებების წინაშე დგას.

თვითმარქვია რეჟიმის მიზანი საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა. სამწუხაროდ, მსგავსი ვიზიტები ხშირად გამოიყენება მათ მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას.

იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას, ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ." - ნათქვამია განცხადებაში.