რუსეთმა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სოხუმის აეროპორტის მუშაობის აღდგენის შესახებ, ინფორმაციას სააგენტო „Апсныпресс“-ი ავრცელებს.

შეთანხმება სანქტ-პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფორმატში გაფორმდა. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ საინვესტიციო პროექტს აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ოპერირების მიზნით „რუსული იურიდიული პირი“ განახორციელებს.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დოკუმენტს ხელს აწერს დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, "ეკონომიკის მინისტრი" კრისტინა ოზგანი, რუსული მხრიდან კი ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი.

ოზგანის თქმით, ხელშეკრულება განსაზღვრავს პირობებსა და მხარეთა ვალდებულებებს პროექტის განხორციელებისას და კერძოდ, „აფხაზეთისთვის სპეციალური საინვესტიციო რეჟიმის უზრუნველყოფას, რომელიც შეღავათებს ითვალიწიენებს“.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი  სოხუმის აეროპორტის აღდგენას  რუსული მხარის დახმარებით 2024 წლისთვის გეგმავს.