გადაწყდა, სოხუმის აეროპორტი რუს ინვესტორს გადაეცემა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 30 ხმით 2-ის წინააღმდეგ (ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა მოსკოვსა და სოხუმს შორის 16 ივნისს გაფორმებული ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიკაციას, რამაც გზა გაუხსნა რუსულ კომპანიებს (იურიდიულ პირებს) აღადგინონ და შეღავათიანი პირობებით 49 წლის განმავლობაში მართონ სოხუმის ბაბუშარის აეროპორტი. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აეროპორტის აღდგენას პოლიტიკური და ეკონომიკური გარღვევის მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევს, ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა მხოლოდ რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლების ცალკეულ პირთა ინტერესებში შედის.
26 ივლისს გამართულ სხდომაზე შეთანხმების პროექტი დეპუტატებს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საერთაშორისო საკითხების, პარლამენტთაშორისი კავშირებისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალხას ბარციცმა წარუდგინა, დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ მანვე ილაპარაკა შეთანხმების ძირითად პუნქტებზე.
- ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა - 6 – 10 მლრდ რუბლი (1 მლრდ რუბლი - 11,1 მლნ დოლარი)
- იჯარის ვადა - 49 წელი
- გადასახადებისგან თავისუფალი (შეღავათიანი) პერიოდი - 25 წელი
- ინვესტორს გადაცემა როგორც აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიები და მასზე განთავსებული შენობები
- აფხაზური მხარე თავის თავზე იღებს: ა) აეროპორტამდე მიიყვანოს საგზაო ინფრასტრუქტურის ბ) უზრუნველყოს აეროპორტის ელექტროენერგიით (ჯერ 1,5 მგვტ, შემდეგ კი 4 მგვტ) უზრუნველყოფა, რისთვისაც კაპიტალურად უნდა განაახლოს აგუძერისა და დრანდის ქვესადგურები
მასალა ვრცლად იხილეთ Radiotavisupleba.ge-ზე