„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლისა და მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე არიან დაკავებული. შსს-ს განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდასხმას, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ადგილზე მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა“, - აცხადებენ შსს-ში.