ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება. დოკუმენტი „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს ეხება.

რეზოლუციის ერთობლივი პროექტი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოამზადა. დოკუმენტში ევროპარლამენტი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს მკაცრად გმობს და ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სარჩელის დაუყოვნებლივ გატანისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია და ლეგიტიმური პოლიტიკური ძალების სასამართლოს გზით გაუქმება დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოში დაკავებული პირების გათავისუფლებაზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე და ნიკა მელია, ასევე ის პირები, რომლებიც მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავეს.

რეზოლუციის პროექტი ასევე მოიცავს მოწოდებას „საბოტაჟის“ შესახებ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების გაუქმების, პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ არაპროპორციული შეზღუდვების გაუქმებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების შეწყვეტის შესახებ.

ევროპარლამენტი ასევე იმეორებს პერსონალური სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესების მოწოდებას იმ პირების მიმართ, რომლებიც, დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე. მათ შორის დასახელებულნი არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე.

რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტი კვლავ გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი და აცხადებს, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო დააშორებს და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით პროგრესს შეაფერხებს.

დოკუმენტის ავტორები არიან ევროპის პარტიის (EPP), სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D), ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR), „რინიუ ევროპისა“ (Renew) და „მწვანეების/ევროპული თავისუფალი ალიანსის“ (Greens/EFA) წარმომადგენლები.