ევროპა არის მშვიდობა, ეს არის ისტორიაში ერთადერთი ასეთი ქვეყნების გაერთიანება, რომელმაც შეუნარჩუნა ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა სრულად და შეუნარჩუნა მათ მშვიდობა, არც ერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა, ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარია, - ამის შესახებ თქვა ევროპის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, რაც მთავარია.
„ეს გზა უნდა გავიაროთ, ყველანაირად ყველა უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ყველა, ვინც აქ დგახართ, ძალიან ბევრ თქვენგანს ჰყავს ოჯახი ევროპაში, არის ნამყოფი ევროპაში, სწავლობდა ევროპაში ან იმედი აქვს, რომ ისწავლის ან იმუშავებს ევროპაში. ჩემი იმედი ცოტა სხვანაირია, ჩემი იმედია, რომ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ყველაფერი ის, რისთვისაც ჩვენ მივდივართ ევროპაში, აქ იყოს ის ცხოვრების სტანდარტი, ის სამუშაო სტანდარტები, აქ იყოს ის კეთილდღეობა, რასაც სხვაგან ვეძებთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.