საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ქართული ოცნებისანტიდასავლური პოლიტიკის გამო, EU-ს ინსტიტუტებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები შეეჩერებინათ.

"რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მიმდინარე წლის ივნისში ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან შიდა განხილვა გვქონდა, როგორ უნდა მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულს ევროკავშირის მიმართ. ასევე, განვიხილეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს, პროპაგანდასა და კონსპირაციის თეორიას და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან არანაირი მაღალი დონის კონტაქტები არ გვქონოდა და სწორედ ამიტომ, ბოლო თვეების განმავლობაში არ ყოფილა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა მაღალი დონის შეხვედრა შეგვეჩერებინა". - თქვა ჰერჩინსკიმ ინტერპრესნიუსის ცნობით.