საქართველოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის და დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლის გამო, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა. ეუთოს 24 წევრი ქვეყანა მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ აღმოფხვრას დემოკრატიული უკან დახევა და სრულად შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები.
თუ „ქართული ოცნება“ ამჯერადაც უგულებელყოფს ამ რეკომენდაციებს, როგორ მოხდება „მოსკოვის მექანიზმის“ აღსრულება და შესაძლებელია თუ არა ამ მექანიზმის ფარგლებში, ჰააგაში ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა სახალხო დამცველის ყოფილ მოადგილეს, უფლებადამცველ გიორგი ბურჯანაძეს.
- ბატონო გიორგი, როგორ დაიწყება „მოსკოვის მექანიზმის“ აღსრულება, ანუ რა ნაბიჯებს უნდა ველოდეთ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში?
„მოსკოვის მექანიზმი“ გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს აქვს ადგილი. ამ მექანიზმის გამოყენება შეუძლია ეუთოს მინიმუმ 10 სახელმწიფოს და მისი ამოქმედების შემთხვევაში ირთვება პროცედურა, რომლის მიხედვითაც ინიშნება ერთი ან რამდენიმე მომხსენებელი, რომლებიც ახდენენ ამ მასობრივი უფლებადარღვევების დოკუმენტირებას, გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს იმისთვის, რათა ეს დარღვევები გამოსწორდეს.
ეს მექანიზმი არსებობს 90-იანი წლებიდან და ჯამურად, 17-ჯერ არის გამოყენებული. საქართველოს შემთხვევა არის მეჩვიდმეტე. ეს მექანიზმი გამოყენებულია ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიცაა რუსეთი, ბელარუსი, თურქმენეთი და ასე შემდეგ. ამ 17-დან ოთხი არის უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული.
საქართველოსაც აქვს მხარი დაჭერილი ამ მექანიზმის ამოქმედებაზე სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში და ეს მექანიზმი მიზნად ისახავს იმას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევები დაადოკუმენტიროს. ამ ანგარიშის შემდგომ ეუთო და ეუთოს წევრი სახელმწიფოები იწყებენ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების ზედამხედველობას მათი უფლებამოსილების შესაბამისად.
- საქართველოს შემთხვევაში წერია, რომ „ოცნებამ“ უნდა აღმოფხვრას დემოკრატიული უკუსვლა, შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების და ჟურნალისტების დევნა, უკან გაიწვიოს ყველა რეპრესიული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. ჯერჯერობით „ოცნებისგან“ რაც გვესმის, საუბრობს რაღაც ფაქტობრივ უზუსტობებზე. რა მოხდება ამის შემდეგ, თუ არცერთი მიმართულებით არ გადადგა „ოცნებამ“ ნაბიჯი?
„ფაქტობრივი უზუსტობის“ ნაწილზე ვიტყვი, რადგან ეს მექანიზმი იძლევა იმის საშუალებას, რომ იმ სახელმწიფომ, რომლის წინააღმდეგაც ხდება მისი გამოყენება, დანიშნოს თავისი ექსპერტი. „ქართულ ოცნებას“ ამის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ არ დანიშნეს ექსპერტი. დასკვნა – ისინი რეალურად საჭიროდ არ მიიჩნევდნენ თავიანთი ექსპერტის დანიშვნას და ენდობოდნენ იმ პოლონელ ექსპერტს, რომელმაც მოამზადა დოკუმენტი.
შესაბამისად, ახლა ძახილი, რომ „არ არის სწორი“ იმის მცდელობაა, რომ სხვა რამეზე გადაიტანონ ყურადღება.
გუშინ 24-მა ქვეყანამ გაავრცელა განცხადება ეუთოს ფარგლებში და დღეს ცალკე განცხადება გამოაქვეყნა საფრანგეთმა. ყველა განცხადება და მოწოდება არის შემდეგი შინაარსის, რომ მთავარი რეკომენდაციები – იქნება ეს რეპრესიული კანონების გაუქმება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სასამართლო რეფორმა და ა.შ. გამოასწორონ. თუ არ გამოასწორებენ, პირდაპირ წერია ანგარიშში, რომ გამოვიყენებთ იმ საერთაშორისო ბერკეტებსა და მექანიზმებს, რაზეც მიგვითითა „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტმაო.
ეს არის ანგარიში, რომელიც აიდენტიფიცირებს პრობლემებს და მის გამოსწორებაზე ეუბნებიან სახელმწიფოს.
სახელმწიფოსთან ერთად არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელია რაღაცის გაკეთება აიძულო სახელმწიფოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებს უფრო მკაცრ მექანიზმებს.
- რომელია უფრო მკაცრი მექანიზმი?
ერთია ჰააგის ტრიბუნალი. ასევე არსებობს უნივერსალური იურისდიქცია. ეს არის მექანიზმი, რომლითაც მაგალითად, გერმანელ პროკურორს შეუძლია, როგორც გერმანიაში ჩადენილი წამება გამოიძიოს და წაუყენოს პირს ბრალი, ასევე შეუძლია თბილისში ან ბათუმში ჩადენილ წამებაზე დაიწყოს გამოძიება და წაუყენოს პირს ბრალი.

მესამეა, სახელმწიფოთაშორისი დავები ევროსასამართლოში – სახელმწიფოებმა რომ უჩივლონ საქართველოს.
მეოთხე მექანიზმია გაეროს მართლმსაჯულების წინაშე, ვალდებულების დაკისრება.
მეხუთეა სანქციების გამოყენება და ა.შ. ანუ ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის ის, რომ თუ სახელმწიფო არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არ შეასრულებს ამ რეკომენდაციებს, ყველა ეს მექანიზმი ამოქმედდება.
- საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა ივანიშვილს მოუწიოს ჰააგაში პასუხისგება ქიმიური მოწამვლისა და წამების სავარაუდო ფაქტებზე. როგორ ფიქრობთ, არსებობს გზები, რომ მან თავი დააღწიოს ამ ყველაფერს?
ეს მექანიზმები არსებობს და პასუხისმგებლობის დაკისრებაც შესაძლებელია.
პირველ რიგში მოხდება სიტუაციის გადაცემა. შემდეგ სასამართლო პროკურორი აფასებს იმას, რამდენად არის სახეზე გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძვლები. გამოძიებას რომ იწყებს, მერე წყვეტს ამ შემთხვევაში ის, ვის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.
ამ მექანიზმების გააქტიურებას სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება გარკვეული სახელმწიფოების მხრიდან.
- შეუძლია „ოცნებას“ თქვას, რომ დრო სჭირდება ამ ყველაფერს და გაწელოს პროცესი თუ მყისიერად უნდა დაიწყოს რეკომენდაციების შესრულება?
„ოცნებას“ ორი კვირა ჰქონდა ამ ანგარიშზე პასუხის წარსადგენად. ამის შემდეგ კი კონკრეტული ფიქსირებული ვადები აღარ არსებობს, რომ ვთქვათ ერთ წელში უნდა შეასრულონ თუ ნახევარ წელში ეს რეკომენდაციები.
- ახლახან ჰააგის სასამართლოს მიმართა ლიეტუამ, რომ დაიწყონ გამოძიება ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ ჩადენილი დანაშაულებზე. იგივე შეიძლება მოხდეს საქართველოს შემთხვევაშიც?
თეორიულად შეიძლება ეს მოხდეს, დიახ. ამაზე საუბრობს „მოსკოვის მექანიზმის“ მომხსენებელიც. რატომ არის მნიშვნელოვანი პატრიცია გჟებიკის მიერ დაწერილი ეს რეკომენდაცია? იმიტომ, რომ ის არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სპეციალისტი და პროფესორი ამ დარგში. შესაბამისად, მის მიერ გაცემული ეს რეკომენდაცია გაცილებით უფრო წონიანია, ვიდრე პირობითად ეს რეკომენდაცია რომ გაეცა ადამიანის უფლებების ექსპერტს.
- პრორუსულმა პარტიებმა უკვე დაიწყეს მოწოდებები, რომ საქართველომ უნდა დატოვოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია „მოსკოვის მექანიზმის“ გამო. ასეც რომ მოიქცეს „ოცნება“, შეძლებენ გაექცნენ პასუხისმგებლობას?
ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში – პირველი: რომელიმე მექანიზმის იურისდიქციიდან საქართველოს გამოსვლა არ ათავისუფლეს პასუხისმგებლობისგან საქართველოს რომელიმე მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე აქვს რაიმე სამართალდარღვევა ან უფლებადარღვევა ჩადენილი.
ასეთი გასვლა იქნება ძალიან დიდი ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ეს მექანიზმები ძალიან სჭირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესისთვის, რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, რუსეთზე ზემოქმედებისთვის.
ამიტომ, აქედან გასვლა ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას დააზიანებს და „ქართულ ოცნებას“ სამართლებრივ, იურიდიულ და პოლიტიკურ ბერკეტებს წაართმევს იმის საწინააღმდეგოდ, რომ მათ მოახდინონ რუსეთზე ზეწოლა, რუსეთზე იურიდიული პასუხისმგებლობის დაკისრება და ა.შ.
- თუკი წავლენ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ?
ამ მექანიზმის სიკარგე სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ის მსოფლიო კოლექტიურ პასუხისმგებლობად უყურებს ადამიანის უფლებების დაცვას. ეს არ არის ცალკეული პირების ვიწრო საკითხი.
ეუთოს ეს მექანიზმი ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის საპასუხოდ ირთვება. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა და ის სახელმწიფოები, რომლებიც ამას იყენებენ, პრობლემას ხედავენ, როგორც საერთო პრობლემას და ადამიანის უფლებები, როგორც უნივერსალური კატეგორია, კაცობრიობის საერთო ვალდებულებაა.
ამ მექანიზმის გამოყენების დროს მსოფლიო თანამეგობრობა იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას – მიზნად ისახავს იმას, რომ იმ ქვეყანაში, სადაც მსგავსი მასობრივი უფლებადარღვევებია, იქ ადამიანის უფლებების გამოსწორებას შეუწყოს ხელი. ეს მექანიზმი დიდი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.