ჩვენ იმიტომაც შეგვიძლია, ახლა თვალი გავუსწოროთ მოსახლეობას, რომ ამოვდიოდით მთავარი საკითხიდან, რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი. ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესი არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა, ამით იზომება ჩვენი ყველა გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, შეიძლება, დაპირება ბევრი იყოს სხვადასხვა უცხოელი აქტორისგან, მაგრამ პირველ რიგში ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს.

„დაპირება ბევრი გვსმენია წარსულშიც და აწმყოშიც, მაგრამ მთავარია, რომ ყველა ქვეყანამ თავად იზრუნოს, საკუთარი ინტერესები გაატაროს. ახლა როგორც გვესმის განცხადებები უკრაინის ნატო-ში წევრობაზე, თურმე არც არავინ აპირებდა ამ ღია კარის პირობებში უკრაინის მიღებას ნატო-ში, ღიად ამბობენ, რომ ეს არარეალისტურია. მათ შორის, ახლახან ევროპარლამენტში სიტყვით გამოდიოდა ჯეფრი საქსი, რომელმაც გაიხსენა 2021 წლის 15 დეკემბრის საუბარი ჯეიკ სალივანთან, ომამდე ორი თვით ადრე. საქსი საუბრობდა იმაზე, რომ სალივანს უთხრა, თუ ნატო არის ის საკითხი, რომლის გამოც დგება დიდი შეჯახების რისკი, თქვით, რომ ნატო-ში არ იღებთ უკრაინას. ამაზე უპასუხია სალივანს, რომ არც არავინ აპირებს უკრაინის მიღებას ნატო-ში. ამაზე პასუხი ჯეფრი საქსისგან კი ყოფილა, რომ მაშინ ეთქვათ ეს ღიად, თუმცა პასუხი იყო, ამას ღიად ვერ ვიტყვითო და ომიც დაიწყო. ამიტომ, ასეთი დაპირებები ბევრს სმენია, მაგრამ ქვეყანა თუ არ ამოვა თავისი ეროვნული ინტერესებიდან, ეს დაპირებები ვის გაახსენდება და ვის დაავიწყდება, მეორე საკითხია. ცალკე ისტორია იქნება, რა მოხდება 2030 წელს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შეიძლება, უკრაინა 2030 წლამდეც გაწევრიანდეს ევროკავშირში, თუ გააგრძელებს იმავე სისწრაფითა და ხარისხით მუშაობას.

1tv.ge