444 მომხრე 72 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილის, კახა კალაძისა და შალვა პაპუაშვილის სანქცირების მოთხოვნა ძალაში რჩება.

დოკუმენტში, რომელზეც ხუთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა, წერია, რომ საქართველოში დემოკრატიის უკან დახევის გამო საჭიროა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები შავ სიაში შეიყვანონ.

"მოვუწოდებთ ევროკავშირს მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან;

მოვუწოდებთ საბჭოს, კომისიას, EEAS-ს და ახალ HRVP-ს, ჩაატარონ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვა და გადახედვა;

მოვუწოდებთ კომისიას გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევროს მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისთვის, რომლებიც სულ უფრო მეტად ექცევიან მმართველი პარტიის ზეწოლის ქვეშ;

მივესალმებით უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წინადადებას ამის შესახებ", - წერია რეზოლუციაში, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში არსებობს ჩანაწერი, რომლითაც ევროპარლამენტმა საქართველოში, 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებას მხარი არ დაუჭირა.

ევროპარლამენტში დამტკიცებული დოკუმენტი ევროკომისიას გადაეცემა და სწორედ მისი შესასრულებელი იქნება რეზოლუციაში გაწერილი მოთხოვნები.