რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს გამოცემული განკარგულებით გააუქმა 2019 წელს რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებთან დაკავშირებით დაწესებული აკრძალვა და ასევე გააუქმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი. რა გამოხმაურება მოჰყვა აკრძალვების მოხსნას რუსეთის ავიასექტორის მხრიდან, ამის შესახებ სტატიას vedomosti.ru აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, აკრძალვამდე რეგულარულ ფრენებს რუსეთსა და საქართველოს შორის ახორციელებდნენ: „აეროფლოტი“ და მისი შვილობილი კომპანია „პაბედა“ , რუსული S7, „ურალის ავიახაზები“, Smartavia, Red Wings და Utair, რუსეთში კი დაფრინავდნენ ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways და My way airlines-ი.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა 10 მაისს Ведомости-სთან განაცხადა, რომ სამამულო ავიახაზები კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. სამინისტროს ჯერ არ დაუსახელებია ქვეყნებს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის ზუსტი თარიღი.
ამასთან, ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ ფრენები „განხორციელდება შიდა წარმოების თვითმფრინავებით“.
ერთადერთი შიდა ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ამჟამად ავიაკომპანიებს აქვთ, არის SSJ100. ამ თვითმფრინავის უმსხვილესი ოპერატორებია Rossiya Airlines (აეროფლოტის ჯგუფის ნაწილი) 77 ასეთი თვითმფრინავით, Red Wings - 19 თვითმფრინავით, Azimut - 18 თვითმფრინავით და Iraero - 7 თვითმფრინავით.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია (ATOR) ელოდება, რომ საქართველოში პირველი რეგულარული ფრენები შესაძლოა მაისის ბოლომდე განახლდეს.
„უახლოეს დღეებში გავარკვევთ, რამდენად სწრაფად და რაც მთავარია, რა პირობებში შეძლებენ ქართველი და რუსი ავიაკომპანიები ფრენების აღდგენას. და რაც მთავარია, იქნება თუ არა რაიმე შეკითხვა ორმაგი რეგისტრაციის თვითმფრინავებთან დაკავშირებით. მაგრამ თუ საქართველოს მხრიდან ძნელად შესასრულებელი პირობები არ იქნება წამოყენებული, მაშინ საკმაოდ რეალურია პირდაპირი ფრენები ერთი თვის განმავლობაში ვიხილოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო რუსული ტურისტული ინდუსტრიისთვის საინტერესო და საჭიროა,“ - განაცხადა ATOR-ის ვიცე-პრეზიდენტმა არტურ მურადიანმა „რია ნოვოსტისთან“.
რა პოზიცია აქვთ აკრძალვების მოხსნასთან დაკავშირებით რუსულ ავიაკომპანიებს.
Red Wings-ის წარმომადგენელმა „ვედომოსტს“ განუცხადა, რომ თუ ფრენების განხორციელების ნებართვა იქნება, ავიაკომპანია მზადაა საქართველოს ხარჯზე გააფართოოს მარშრუტების ქსელი. Red Wings Airlines თვლის, რომ ფრენები საქართველოში საინტერესო და პერსპექტიულია არა მხოლოდ ტურისტული ბიზნესის, არამედ საქმიანი ურთიერთობისა და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისითაც. სხვა ავიაკომპანიებისგან ჯერჯერობით პასუხი არ ყოფილა.
Friendly Avia Support-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ლანეცკი საქართველოში ფრენების მთავარ პრეტენდენტად ავიაკომპანია „როსიას“ მიიჩნევს. ლანეცკის შეფასებით, წლის ბოლომდე ავიაკომპანიებს შეუძლიათ მიიღონ დაახლოებით 8 მილიონი დოლარის დამატებითი შემოსავალი საქართველოს მიმართულებით ფრენებიდან. ”მაგრამ ეს არც ისე დიდი ფულია.”
რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის (PCT) ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი გორინის თქმით, ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ფრენების სიხშირე „ძალიან დაბალია“, ხოლო ბაზრის მოთხოვნილებები გაცილებით დიდი - დღეში ოთხიდან ხუთ რეისამდე. მისი თქმით, კვირაში შვიდი რეისი არ იქნება საკმარისი ტურისტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ერევნის გავლით ტრანზიტის მაღალი წილი სავარაუდოდ ისევ შენარჩუნდება.
Aviaport-ის აღმასრულებელი დირექტორი ოლეგ პანტელეევი აღნიშნავს, რომ საჰაერო მიმოსვლის გახსნით ძალიან დაინტერესებულნი არიან ქართული ავიაკომპანიები, რომლებსაც შეიძლება „კოლოსალურად“ გაეზარდოთ გადაზიდვების მოცულობა. მისი თქმით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი ახლა „ქართული მხარის რეაქციასა და ეფექტურობაზეა დამოკიდებული“. „თუ ორივე მხარე საკმარისად სწრაფად იმოქმედებს, თბილისი შეიძლება გახდეს გარე სამყაროსთან კომუნიკაციის კიდევ ერთი კვანძი სტამბოლთან და ბაქოსთან ერთად,“ - ასკვნის პანტელეევი.
როგორც რუსული მედია საქართველოს შსს-ზე დაყრდნობით აცხადებს, 2023 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოში რუსეთის 120 000-მდე მოქალაქე ცხოვრობს.
„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პირდაპირი ფრენების აღდგენა მოსალოდნელი იყო: თბილისმა აჩვენა, რომ აშკარად იზიარებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან,“- ამბობს ვადიმ მუხანოვი, ИМЭМО РАН -ის პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის კავკასიის სექტორის ხელმძღვანელი. მისი თქმით, ადრე ამას საქართველოში შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა აფერხებდა.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიმართ ინტერესი ორმხრივია და ქართული მხარისთვის ფრენების განახლება დამატებით წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში, რაც, თავის მხრივ, მმართველი „ქართული ოცნების“ პოზიციებს გააძლიერებს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ეკონომიკური თვალსაზრისით "თითქმის დროულად" იქნა მიღებული - ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად.
მუხანოვის თქმით, ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების კონტექსტში კიდევ ერთი ფაქტორი რუსეთში ქართულ დიასპორას უკავშირდება. როგორც რუსული გამოცემა წერს 2020 წლის აღწერის მიხედვით, რუსეთში 113 687 ეთნიკური ქართველია (2000-იანი წლების დასაწყისში ოფიციალურად 200 000-ზე მეტი). „მოსკოვი ცდილობს როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე საკუთარი, ქართული წარმოშობის მოქალაქეების გულის მოგებას“, - ამბობს ექსპერტი.
მომზადებულია vedomosti.ru-ს მიხედვით