უკრაინამ პოკროვსკთან ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად მთავარი სადაზვერვო დირექტორატის (GUR) სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით.

Reuters-ი ინფორმაციას ავრცელებს ორ უკრაინულ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით.

სააგენტო აღნიშნავს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის განლაგება იმ დროს მოხდა, როდესაც რუსეთმა ამ ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევის შესახებ გაავრცელა ცნობა.

ამავე დროს, 1 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩაშალა უკრაინის მცდელობა, პოკროვსკის მახლობლად ვერტმფრენიდან გადაესხა სამხედროები. ამის შესახებ იტყობინება Reuters-ი RIA-ზე დაყრდნობით. სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენში მყოფი 11-ვე უკრაინელი დაიღუპა.

რუსეთის მიერ საგზაო და სარკინიგზო კვანძის - პოკროვსკის აღებამ შესაძლოა დონეცკის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში შემდგომი წინსვლისთვის გზა გაუხსნას მას. რუსი ჯარები პოკროვსკის აღებას დიდი ხანია ცდილობენ.

საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ჯარების მე-7 სწრაფი რეაგირების კორპუსის წყაროს თანახმად, GUR-ის სპეციალური დანიშნულების რაზმები პოკროვსკში რამდენიმე დღის წინ Black Hawk-ის ვერტმფრენით დაეშვნენ, ეს იყო ოპერაციის ნაწილი, რომელიც რუსული დრონების აქტივობით გართულდა. ოპერაციას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი ხელმძღვანელობდა.Reuters-ის მიერ ნანახ ვიდეოში ჩანს, რომ სულ მცირე 10 სამხედრო მოსამსახურე ვერტმფრენიდან მინდორში ეშვება. საინფორმაციო სააგენტომ აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია კადრების გადაღების ადგილისა და თარიღის დადასტურება.

„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ პოკროვსკში, სადაც რუსული არმია წინ მიიწევს, სიტუაცია რთულია და იქ სულ 170 000 რუსი ჯარისკაცია კონცენტრირებული.

radiotavisupleba.ge