ვაშინგტონში მომუშავე კორესპონდენტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI Act-ს 27 მარტს განიხილავს.
ინფორმაციას რაუფოღლუ კონგრესში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, 10 მარტს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა MEGOBARI Act-ის სენატისეული ვერსია წარადგინეს.
ორპარტიული კანონპროექტი კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას იმ ფონზე, როცა "ქვეყნის მთავრობა მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმას განაგრძობს".
"მსოფლიოში საქართველოს მეგობრები შოკირებული და შეშფოთებულები არიან მთავრობის ავტორიტარიზმში ჩავარდნითა და პროდემოკრატიული მომიტინგეების ძალადობრივი დარბევით". - წერს სენატორი რიში: "ეს კანონპროექტი მტკიცე მესიჯს გაგზავნის, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას მაშინ, როცა ისინი თვითგამორკვევის უფლებისთვის იბრძვიან და [კანონპროექტი] აშშ-ს მიანიჭებს ინსტრუმენტებს, რათა ქართველებს საკუთარ პოლიტიკურ სისტემაში სამართლიანობის აღდგენაში დაეხმაროს".
10 მარტს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, MEGOBARI აქტით:
- დაიწყება სრული გადახედვა აშშ-საქართველოს ურთიერთობის, მათ შორის, დახმარების პროგრამების კუთხითაც;
- აღიარებული იქნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროატლანტიკური გაწევრიანების პროცესის მიმართ, რისადმი ერთგულებაც ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი;
- დაავალდებულებს პრეზიდენტს, დაუწესოს სანქციები ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და მათ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციაში, რათა ჩაეშალათ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, [რომლებმაც] ძირი გამოუთხარეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული იყვნენ სხვა სახის კორუმპირებულ ქმედებებში, რაც დამაზიანებელი იყო საქართველოში სტაბილურობისთვის;
- გააძლიერებს ხალხებს შორის კავშირებსა და თავდაცვაში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ თანხვედრაში მოვა საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებთან;
- გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უწყვეტი და არალეგალური რუსული ოკუპაციის ფონზე;
- მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის ძალის გადამეტებისგან ქართველი ხალხისა და საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად მუშაობდა.
წყარო: ტაბულა