არ არსებობს თანხმობა, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. ხალხისთვის საკუთარი ხმის დაბრუნების გარდა, სხვა გზა არ არსებობს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სახალხო დამცველი დარღვევებზე საუბრობს, რომელიც არა მარტო არჩევნებს, არამედ ქუჩებში დარღვევებს შეეხება.
„საქართველოში ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. ქუჩაში არის ძალადობა. ჩვენ ვნახეთ, საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებები, ის საუბრობს დარღვევებზე, რომელიც ამ ქვეყანაში, დიდი ხანია, არ მომხდარა, ასე რომ, საქმე მარტო არჩევნებს არ ეხება. საქმე ეხება დარღვევებს ქუჩებში. და ჩვენ ვეკითხებით მათ, ვინც დღეს დე ფაქტო აკონტროლებს ძალაუფლებას, ძალაუფლების მქონე ინსტიტუტებს ვეუბნებით, რომ ეს შეაჩერონ, შეაჩერონ დაუყოვნებლივ. რაც შეეხება არჩევნებს, ის ყველას მიერ არაა აღიარებული, არ არსებობს თანხმობა, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. ხალხისთვის საკუთარი ხმის დაბრუნების გარდა, სხვა გზა არ არსებობს. სწორედ ამას ეხებოდა ევროპარლამენტში ჩვენი რეზოლუცია. ეს რეზოლუცია დიდი უმრავლესობით იყო მიღებული და სწორედ იმ ძალებს წარმოვადგენთ ჩვენ, ვინც მას მხარი დაუჭირა. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ეს არჩევნები არ აღიარონ, რადგანაც ეს ყველაფერი იმის ნაწილია, რასაც ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში ვხედავთ, არამედ ჩვენ გვქონდა ანალოგიური მცდელობა არჩევნების მოპარვისა მოლდოვაში და ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, რუმინეთში, სადაც ვნახეთ იგივე სცენარი. ამიტომ, ძალიან მკაფიოა, რომ მათ, ვინც ამ სცენარებს წერენ, სურთ, საქართველოც იყოს კრემლის გავლენის სფეროში“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.