ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი მომრავლებულ ძალადობის ფაქტებს ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანაში ძალადობის ენა და სკაბრეზი ოფიციალური თანამდებობის პირებისაგანაც კი სოციალურ სტანდარტად იქცა. მისი თქმით, საჯარო მუქარა ან ლანძღვა-გინება კლინიკური პათოლოგია, დაავადებაა, რომელიც წამლავს მთელ ერს.
„რატომ ამდენი ძალადობა ამ პატარა ქვეყანაში?
ძალადობის ენა და სკაბრეზი ოფიციალური თანამდებობის პირებისაგან საქართველოსათვის სოციალურ სტანდარტად იქცა. გაგიგიათ, რომელიმე ნორმალური ქვეყნის, დემოკრატიული საზოგადოების ოფიციალური წარმომადგენლებისაგან საჯარო მუქარა ან ლანძღვა-გინება?
წარმოგიდგენიათ, მაგალითად, რომელიმე ევროპული ქალაქის მერი თავის მოქალაქეებს ქალაქის ამაღლებულ ადგილზე აგზავნიდეს გამოსაქანებლად და მის ერეგირებულ პენისზე dასასკდომად? წარმოგიდგენიათ რა მომავალი ექნებოდა რომელიმე ევროპული ქვეყნის პრემიერს ან შინაგან საქმეთა მინისტრს, თუნდაც ეჭვმიტანილი რომ ყოფილიყვნენ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობაში?
წარმოგიდგენიათ პარლამენტარები ან კონგრესმენები, რომლებიც მოქალაქეებს საჯაროდ აგინებენ და ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით?
ეს ნორმალური არ არის, ძვირფასო თანამემამულეებო. ეს კლინიკური პათოლოგიაა; დაავადებაა, რომელიც წამლავს მთელ ერს; ძალადობრივ არანორმალურობას ავრცელებს და სტანდარტად, ჩვეულებრივ მოვლენად ამკვიდრებს.
ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ზრდილობიანი ხალხია, კლასიკურად აღზრდილები და გაწვრთნილები; ისინი არაფერს გვეტყვიან; არც შეიმჩნევენ ჩვენს უზრდელობას, მაგრამ ჩვენ? ჩვენ რა გვჭირს?
რატომ გავხადეთ უზრდელობა, სიბილწე, სისასტიკე, სიმდაბლე ნორმად და სტანდარტად?
რატომ უნდა ბედავდნენ მოქალაქეების ფულით დაქირავებული სახელმწიფო მოხელეები უზრდელობას? წამლავს ეს ქვეყანას; ფსიქოლოგიურად ანადგურებს. ძალადობას და სისასტიკეს ახალისებს და ამკვიდრებს; პირველყოფილ საზოგადოებაში გვაბრუნებს.
რატომ ვაძლევთ ამის უფლებას?
რაის ევროპა ვართ ჩვენ?
აღარც საქართველო ვართ საუბედუროდ. ქართველები ზრდილობიანი ხალხი იყო. რუსეთია ეს ბილწი, უზრდელი და უღმერთო რუსეთი; ქვეყანა კი არა, იდეოლოგია, კონცეფცია და სული“, - წერს ზურაბ გურული.