2026 წლის თებერვალში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა და გაყიდვები გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე. ეს წლის დასაწყისში ძლიერ აქტივობაზე მიუთითებს და 2025 წლის მეორე ნახევრის დინამიკის გაგრძელებას ასახავს, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2026 წლის თებერვლის მიმოხილვაში წერია.
Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობა ზედიზედ მე-5 თვეა მცირდება, რაც წინა პერიოდებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია.
„ძლიერი მოთხოვნისა და ნებართვების შემცირების ფონზე, თებერვალში ფასების ზრდა დაჩქარებული ტემპით გაგრძელდა. მოთხოვნა 2026 წლის თებერვალში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,822 შეადგინა, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 19.2%-ით გაიზარდა და 1,864 შეადგინა (2 თვეში +8.6% წ/წ).
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 11.2%-ით გაიზარდა და 1,958 შეადგინა (2 თვეში +7.8% წ/წ).
ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის თებერვალში გაყიდვები მნიშვნელოვნად, წლიურად 26.6%-ით გაიზარდა (ჯამურად 2026 წლის 2 თვეში +24.1% წ/წ). ზრდა მეტწილად გასული წლის დაბალ ბაზას ასახავს, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით იყო განპირობებული.
2026 წლის 2 თვეში თბილისში სულ 6,786 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 595 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+16.7% წ/წ).
2026 წლის თებერვალში ნებართვა გაიცა 10 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა 60,283 კვ.მ შეადგინა (-44.7% წ/წ). აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მეხუთე თვეა წლიურად მცირდება, რაც წინა პერიოდებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია.
ჯამურად, 2026 წლის 2 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 50.7%-ით შემცირდა.
2026 წლის თებერვალში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი პირველად ბაზარზე მაღალ დონეზე შენარჩუნდა და თვიურად 0.9%-ით გაიზარდა 1,398 აშშ დოლარამდე. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა და 1,304 აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის თებერვალში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი თვიურად მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა (-1.8% თ/თ), ქირის ამონაგებმა კი - 8.6%“, - წერია მიმოხილვაში.