შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სამელიორაციო სექტორში მიმდინარე ცვლილებები იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს ლევან ზალკალიანს, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებსა და მოსახლეობას გააცნო.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სემეკის მიერ დადგენილი საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფებისა და სახელმწიფო სუბსიდირების ის მექანიზმი, რომელიც 2026 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება.
გიგლა თამაზაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ფერმერებმა სარწყავი სეზონის დაწყებამდე წყალსარგებლობის განრიგი კომპანიასთან შეთანხმონ, რათა წყალი სასურველ დროს წინასწარ დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად მიიღონ. თავის მხრივ, წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებები ფერმერებისთვის წყლის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. გენერალურმა დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის ვალდებულებები, რაც ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ წყალმომხმარებლებსა და კომპანიას წარმოეშობათ. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები სარწყავი წყლის მოხმარების საფასურს არა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, არამედ, მიღებული მომსახურების შემდეგ გადაიხდიან.
გიგლა თამაზაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევების შესახებაც, რომლებიც სარწყავი სეზონის წინ განსაკუთრებით აქტუალურია. „მელიორაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, უშუალოდ ფერმერებისგან მოვისმინოთ დარგში არსებული გამოწვევები და მაქსიმალურად მოკლე ვადაში უზრუნველვყოთ მათი ეფექტიანი გადაჭრა“, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიგლა თამაზაშვილმა.
ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს