Galt & Taggart-მა წლევანდელი ინფლაციის პროგნოზი 3-დან 4.2%-მდე გაზარდა. საინვესტიციო ბანკის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე "საქმიანი დილის" ეთერში ამბობს, რომ ელექტროენერგიის გაძვირების ეფექტი ინფლაციაზე 0.7 პროცეტული პუნქტი იქნება.
"ჩვენ მოგვიწია პროგნოზების გადახედვა, რა დროსაც გავითვალისწინეთ არა მხოლოდ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა (რასაც კონფლიქტის 2-3 თვე გაგრძელების შემთხვევაში, სხვა სასაქონლო კატეგორიებზეც ექნება გავლენა), არამედ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაც.
ჩვენი შეფასებით, ტარიფის ცვლილების პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტი ინფლაციაზე, აპრილიდან მოყოლებული 0.7 პროცენტული პუნქტი იქნება. 2027 წლისთვის ეს გავლენა ამოიწურება (ე.წ. საბაზო ეფექტი). ამასთან, ეფექტი შეიძლება ჩაითვალოს ერთჯერადად, რის გამოც შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული რეაგირება არ მოახდინოს. თუმცა გასათვალისწინებელია არაპირდაპირი ეფექტებიც, რაც მცირე ბიზნესისთვის ტარიფის გაძვირებით არის განპირობებული.
თუ წლის დასაწყისში საშუალო წლიურ ინფლაციას 3%-ის ფარგლებში ველოდით, ახლა პროგნოზი 2026 წლისთვის 4.2%-მდე გავზარდეთ. ეს გათვლა ეყრდნობა დაშვებას, რომ ირანის ირგვლივ არსებული ესკალაცია 2-3 თვეში გადაჭრილი, რის შემდეგაც ნავთობზე ფასები კლებას დაიწყებს, თუმცა ომამდელ ნიშნულს ($65-70) მაინც ვერ დაუბრუნდება და წლის ბოლომდე $80-ის ფარგლებში შენარჩუნდება.
იმ შემთხვევაში თუ ნავთობის ფასი $100-იან ნიშნულს ზემოთ ჩვენს სცენარზე დიდხანს იქნება, ინფლაცია 4.2%-იან პროგნოზს გადააჭარბებს. ასეთ სცენარში არ არის გამორიცხული, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასაც მიმართოს. თუმცა ამ ეტაპზე უნდა ვხელმძღვანელობთ იმ სცენარით, რომლის მიხედვითაც ომი გარკვეულწილად შეკავებული იქნება", - ამბობს ქავთარაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, 30 მარტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ახალი გაძვირებული ტარიფები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას ელექტროენერგია 5 თეთრით, ბიზნესს კი 4-6 თეთრით გაუძვირდა.