„ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიის ცენტრი Siemens-ის უახლესი, ყველაზე სრულყოფილი და მძლავრი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით აღიჭურვა და პაციენტებს უნიკალური შესაძლებლობების მქონე რადიოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების მუდმივი გაუმჯობესების ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სამედიცინო პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად „ნიუ ჰოსპიტალსის“ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ახალი ტომოგრაფის უპირატესობებზე „კომერსანტს“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ სხივური და რადიოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო ჭედია ესაუბრა.

რა განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს ახალ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფს?

სოფიო ჭედია, „ნიუ ჰოსპიტალსის“ სხივური და რადიოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: Siemens -ის ყველაზე სრულყოფილ მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფს 3 ტესლა ინდუქციური სიმძლავრე გააჩნია, მისი მაგნიტური გრადიენტი კი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოში აქამდე არსებული ტომოგრაფის მონაცემებს. აღნიშნული სიმძლავრე გამოსახულების უმაღლეს ხარისხს და მის ზედმიწევნით გარჩევადობას განაპირობებს. გამოსახულების მიღება კი 50-70%-ით შემცირებულ დროში არის შესაძლებელი, რაც პაციენტისთვის ძალიან კომფორტულია.

ტომოგრაფი ასევე აღჭურვილია მსოფლიოში პირველი BioMatrix-ტექნოლოგიით, რაც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერას გულისხმობს. მისი საშუალებით არა მხოლოდ კვლევის შედეგები ხდება სრულყოფილი, არამედ ეს ტექნოლოგია პაციენტისთვის დამატებით კომფორტს ქმნის. კერძოდ, იძლევა თავისუფალი სუნთქვის შესაძლებლობას - სხვა ტომოგრაფებისგან განსხვავებით, გარკვეული ზონების გამოკვლევისას (მაგ: გული, ღვიძლი და სხვა.) პაციენტს სუნთქვის შეკავება აღარ სჭირდება; ასევე პოზიციის ცვლილების შესაძლებლობა - პაციენტის მოძრაობის შემთხვევაში კვლევა არ საჭიროებს ხელმეორედ ჩატარებას. ამავდროულად, აპარატს გააჩნია ფართო გვირაბი და ვენტილაციის გაუმჯობესებული სისტემა; აღსანიშნავია ჭარბ წონიანი (250 კგ.-მდე) პაციენტების გამოკვლევის შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბარიატრიული და ენდოკრინული ქირურგიისთვის.

რადიოლოგიურ კვლევებში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს კვლევის შედეგების სიზუსტე წარმოადგენს, რაც ახალი ტომოგრაფის შემთხვევაში, ე. წ. „ღრმა შესწავლის“ ტექნოლოგით არის განპირობებული. ტომოგრაფი უჯრედულ დონეზე მოიპოვებს ინფორმაციას და უმცირესი, უმნიშვნელოვანესი დეტალებით ახდენს ვიზუალიზაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ Siemens-ის სრულყოფილი ტომოგრაფის საშუალებით კვლევები უპრეცედენტოდ მოკლე დროში ხორციელდება, კერძოდ – გარკვეული ზონების კვლევას მხოლოდ 2 წუთი სჭირდება, მთლიანი სხეულისას კი - 30 წუთი.

რამდენად მნიშვნელოვანია ტომოგრაფის სიმძლავრე და შესაძლებლობები სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირებისას?

ახალი ტომოგრაფი ექიმს ახალ დონეზე აზროვნების საშუალებას აძლევს. კერძოდ, რთულ სამედიცინო შემთხვევებშიც კი აპარატის შესაძლებლობები მინიმუმამდე ამცირებს ცდომილების ალბათობას, რაც ნებისმიერი დაავადების პროგნოზირებას აუმჯობესებს.

შესაძლებელია ნებისმიერი ორგანოს და ორგანოთა სისტემების გამოკვლევა: თავის ტვინისა და ხერხემლის სვეტის, ძვლების, სახსრებისა და რბილი ქსოვილების, ძუძუს, შუასაყარის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ზუსტი დიაგნოსტიკა. შეგვიძლია გამოვიკვლიოთ სხეულის არა მარტო ცალკეული უბნები, არამედ სხეული სრულად და აქამდე არნახული სისწრაფით მივიღოთ ინფორმაცია მთლიანი სხეულის მდგომარეობის შესახებ.

ტომოგრაფის გაძლიერებული პროგრამები, სხვადასხვა დაავადებების სიღრმისეულად გამოკვლევას ხდის შესაძლებელს და მისი როლი უმნიშვნელოვანესია გაფანტული სკლეროზის, ალცჰაიმერი, კრონის დაავადების, თავის ტვინში ეპილეპტოგენური კერების აღმოჩენის, ქალა-ტვინის ნერვების, მათი ტოტების და ძალიან მცირე კალიბრის სისხლძარღვების გამოკვლევისას, ასევე, სხვადასხვა ეტიოლოგიის ნევრალგიების და ნეიროვასკულური კომპრესიების არსებობის დროს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტომოგრაფს კოხლეარული ნერვის გამოკვლევისას. კვლევის შედეგად მიღებული გამოსახულების საფუძველზე ხდება იმპლანტაციის ეფექტურობის განსაზღვრა, რაც განაპირობებს ოპერაციის წარმატებას;

ასევე, ტომოგრაფი აღჭურვილია გულის სრულყოფილი გამოკვლევის სპეციალური რეჟიმით, რომლის საშუალებით დინამიკაში ვაკვირდებით გულის მუშაობას. შეგვიძლია შევაფასოთ გულის კუნთის სიცოცხლისუნარიანობა, სარქვლოვანი აპარატის მდგომარეობა და ცენტრალური ჰემოდინამიკის პარამეტრები რაც ძალიან მნიშვნელოვანია კარდიოქირურგიული ოპერაციების დაგეგმვისას.

უკანასკნელ წლებში, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიისა და მისი თანამედროვე რეჟიმების პრაქტიკაში დანერგვამ მკვეთრად გააუმჯობესა ონკოლოგიური პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკა.

რამდენად შესაძლებელია კვლევის ამ მეთოდის გამოყენება მცირეწლოვან პაციენტებთან?

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია კვლევის სრულიად უსაფრთხო მეთოდია, მათ შორის მცირეწლოვანი პაციენტებისთვის.

ტომოგრაფი აღჭურვილია პედიატრიული ქოილებით, რაც საშუალებას გვაძლევს სრულყოფილად გამოვიკვლიოთ როგორც ბავშვები, ასევე ახალშობილები და უმაღლესი სიზუსტით დავსვათ დიაგნოზი. მისი შესაძლებლობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის თანდაყოლილი პათოლოგიებით დაბადებულ ჩვილებში. ასევე ხელმისაწვდომია ოფთალმოლოგიური კვლევები - თვალის სპეციალური ქოილი უმაღლესი გარჩევადობის გამოსახულების მიღებას უზრუნველყოფს.