კავკასიის მედიცინის ცენტრში ამოქმედდა ევროპული დიპლომის საგამოცდო ცენტრი ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში (EDAIC), რომელიც ახალგაზრდა სპეციალისტებს, რეზიდენტებსა და მოქმედ ექიმებს აძლევს შესაძლებლობას, ევროპული სერტიფიკატი ქვეყნიდან გაუსვლელად, შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შედეგად მიიღონ.
ევროპული დიპლომის საგამოცდო პროგრამა, რომელიც ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის ევროპულმა საზოგადოებამ შეიმუშავა, საქართველოში კლინიკური მიმართულებით „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჩხაიძემ დააფუძნა. კავკასიის მედიცინის ცენტრში კი მას ხელმძღვანელობას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ცოტნე სამადაშვილი უწევს. სწორედ აქ არის შესაძლებელი გამოცდის პირველი, წერითი ეტაპის ჩაბარება არა მხოლოდ ქართველი რეზიდენტებისა და ექიმებისთვის, არამედ - დაინტერესებული სპეციალისტებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
გამოცდის მეორე ეტაპი, რომელიც ვერბალურია და ინტერვიუსა და გასაუბრებას მოიცავს, მუდამ იმ ქვეყანაში ტარდება, სადაც ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესია დაგეგმილი.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა რეზიდენტებისა და ექიმებისთვის, მოემზადონ საგამოცდო პროგრამისთვის, გაიარონ შესაბამისი პროგრამა, გაიღრმაონ თეორიული ცოდნა, გაიარონ გამოცდის ორივე ეტაპი და მიიღონ ევროპული ლიცენზია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში, რომელიც მათ მთელი ევროკავშირის მასშტაბით აძლევს დასაქმების საშუალებას.