„როგორც კი სომხეთი აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ხელშეკრულებებს ხელს მოაწერს, გაიხსნება საზღვრები და საქართველოს სამხრეთით წარმოიშობა ახალი კორიდორი, რომელიც ევროპისა და ჩინეთისთვის იქნება არანაკლებ საინტერესო და ხელსაყრელი, ვიდრე საქართველოა“, - ამის შესახებ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა, გიორგი მელაშვილმა, განაცხადა.
მელაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ამჟამინდელი მეტ-ნაკლებად სტაბილური ეკონომიკური ვითარება უკრაინის ომის ერთჯერადი ეფექტია, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
„იმას, რაც ბოლო თვეებია ჩვენს ქვეყანაში ხდება, გრძელვადიან ეკონომიკურ პერსპექტივაში ძალიან ცუდი შედეგები ექნება. „ქართული ოცნება“ ამაყობს ფსევდო ეკონომიკური ზრდით, რომელსაც ვერც ერთი მოქალაქე ვერ გრძნობს და ვერ ხედავს.
ამ ეტაპზე, ერთადერთი, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკურ პროგრესს განაპირობებს, ევროკავშირში არსებული მოკლევადიანი დასაქმების პროგრამებია. თუკი ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებენ, ცხადია, ყველა ასეთი პროგრამა და აქტივობა შეგვიწყდება, რაც ქართულ ოჯახებზე პირდაპირ აისახება.
რაც შეეხება იმას, რომ ჯერჯერობით ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ეს უკრაინის ომის ფონზე, იმ სავაჭრო ჯაჭვების გადაწყობის შედეგია, რაც აქამდე რუსეთზე გადიოდა, ახლა კი საამისოდ ჩვენს სატრანზიტო ფუნქციას იყენებენ. თუმცა, აქ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია - როგორც კი სომხეთი აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ხელშეკრულებებს ხელს მოაწერს, გაიხსნება საზღვრები და საქართველოს სამხრეთით წარმოიშობა ახალი კორიდორი, რომელიც ევროპისა და ჩინეთისთვის იქნება არანაკლებ საინტერესო და ხელსაყრელი, ვიდრე არის საქართველო. ამ კონტექსტში ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ანაკლიის პორტი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ მისი ბედი სრულიად გაურკვეველია და არც მომავალში ჩანს მოცემულობა, თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ მის განვითარებაზე მუშაობას.
ასე რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკა რთული გამოწვევების წინაშე დგება, რაც პირდაპირ პოლიტიკურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა მელაშვილმა „ბიზნესპრენიუსთან“.