ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობის დასრულებისა და ამოქმედების შემდეგ, თბილისის არსებული აეროპორტი ოპერირებას შეწყვეტს, ამის შესახებ მან „თბილისის აბრეშუმის ფორუმზე“ პანელურ დისკუსიაზე მსხვილი პროექტების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებაში გაშვებისთანავე, შესაბამისად შეწყდება ოპერაციები თბილისის არსებულ საერთაშორისო აეროპორტში.

ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით ჩვენ აღვნიშნეთ ვადები, შესაბამისად, 2031 წელი დასახელდა სრულ ოპერირებაში შესვლის წლად“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობის შესახებ ცნობილი, ჯერ კიდევ 2023 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დროს გახდა. „მეგაპროექტი“ თითქმის ერთი წლის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ეკონომიკური საბჭოს სხდომის შემდეგ კიდევ ერთხელ დააანონსა. მაშინ მან განაცხადა, რომ თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოების შემთხვევაში მგზავრთნაკადი მხოლოდ 15 მლნ-მდე გაიზრდებოდა. ახალი აეროპორტის აშენებით კი ეს რიცხვი 19 მლნ უნდა გახდეს.

საქართველოს მთავრობის გეგმის მიხედვით, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მიღება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს. პროექტის თანახმად, 2029 წლისთვის აეროპორტის პირველ ტერმინალს წლიურად 10 მილიონი მგზავრის გატარება უნდა შეეძლოს, ხოლო საბოლოოდ აეროპორტის წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა იყოს.

სოფელ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მოსამზადებელ სამუშაოებზე მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. 2025-2028 წლებში ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაზე მთავრობა ყოველწლიურად 100-100 მილიონ ლარს დახარჯავს. 2024 წელს დასაწყისში მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, რომ თბილისში, ახალი აეროპორტის სამართავად კომპანია შეირჩევა, თუმცა აეროპორტის სრულ მფლობელობას სახელმწიფო შეინარჩუნებს.

ცნობისათვის, თბილისის არსებულ აეროპორტს “ტავ ურბან ჯორჯია" მართავს. TAV Airports Holding-ის წევრი [“Aéroport De Paris” ჯგუფის წევრი], რომელმაც საქართველოში ოპერირება 2005 წელს დაიწყო და "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან" არსებული მშენებლობა-ოპერირება-ტრანსფერის (BOT) ხელშეკრულების ფარგლებში ოპერირებას 2027 წლამდე აგრძელებს.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ში თავისი გამოცდილებით თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობის პროექტში ჩართვის მზაობას გამოთქვამდნენ.

bm.ge