ლიდერები მტკიცედ არიან განწყობილნი, განაგრძონ ერთობლივი მუშაობა უკრაინისთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული,რომელიც “მსურველთ კოალიციის” ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

“ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული, მიზანმიმართული და განურჩეველი სარაკეტო თუ დრონებით თავდასხმების სისტემატური ესკალაცია. მათ სამძიმარი გამოუცხადეს მსხვერპლთა ოჯახებს. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი ურყევი სოლიდარობა და უკრაინის განუყოფელი უფლება - დაიცვას თავი რუსეთის აგრესიული ომისგან”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთი თავისი ომისთვის სულ უფრო მაღალ და აუტანელ ფასს იხდის. ისინი ხაზს უსვამენ, რომ რეკორდული დანაკარგების მიუხედავად, წელს რუსეთმა მხოლოდ უმნიშვნელო ტერიტორიული მონაპოვარი მიიღო და ვერცერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი თუ დაბა ვერ დაიკავა.

“უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან თავდასხმების გაძლიერება ვერ აანაზღაურებს იმ მარცხს, რომელსაც ის ბრძოლის ველზე განიცდის”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერებმა ასევე დაგმეს ევროპაში რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ჰიბრიდული თავდასხმები, მათ შორის დივერსია, საინფორმაციო ოპერაციები და კიბერშეტევები, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას ისახავს მიზნად.

“მათ ნათლად განაცხადეს, რომ ნებისმიერი სახის დაშინება უკრაინის მხარდაჭერას ვერ შეაფერხებს. პირიქით, ეს გაზრდის მათ გადაწყვეტილებას, გააძლიერონ უკრაინის, ევროპისა და ნატო-ს დაცვა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთი ვერ შეძლებს, აჯობოს კოალიციის წევრების ურყევ მხარდაჭერასა და უკრაინის მდგრადობას.

“ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება კვლავ პრიორიტეტად რჩება - განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების ჩამომგდები საშუალებებით, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ლიდერები, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობით, დამატებით ძალისხმევას მიმართავენ სარაკეტო თავდაცვის დამატებითი საშუალებებით უკრაინის უზრუნველსაყოფად”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება, სრულად შეასრულონ ნატო-ს მოკავშირეების მიერ აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც, 2026 წელს უკრაინას 70 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა, დახმარება უნდა მიეწოდოს და წვრთებით უზრინველყონ, ხოლო 2027 წელს — სულ მცირე, ანალოგიური მოცულობის მხარდაჭერა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდაჭერის სესხის ფარგლებში, 2027 წლის ბოლომდე უკრაინას 90 მილიარდი ევრო გამოეყოფა სამხედრო და ფინანსური დახმარებისთვის, რაც 2027 წლის მნიშვნელოვან პერიოდშიც დაფარავს უკრაინის ფინანსურ საჭიროებებს.

ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლა, რომელიც მიმართული იქნება მისი საომარი ძალისხმევის შეზღუდვისკენ. ამისათვის გამოიყენებენ სანქციებს, უფრო ფართო ეკონომიკურ ზომებს და სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის მექანიზმებს.

“კერძოდ, ისინი შეთანხმდნენ, გაატარონ დამატებითი ზომები რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირებაზე ზეწოლის გასაძლიერებლად, სანქციები დაუწესონ რუსულ კრიპტოვალუტას და უკანონო ფინანსურ ნაკადებს, ასევე ხელი შეუშალონ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საქმიანობას.

ისინი გააგრძელებენ ძალისხმევას რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის აღსაკვეთად, რომელიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას აძლევს, და საზღვაო უსაფრთხოების დასაცავად დაიცავენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ფარგლებში დადგენილ შესაბამის საერთაშორისო წესებსა და სტანდარტებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

Ipn.ge