მსოფლიოში არაერთი ხელოვნების ნიმუში, რომელთა ღირებულება ასობით მილიონ დოლარს აღწევს, მუზეუმების ნაცვლად კერძო კოლექციებში ინახება. მათ მფლობელებს შორის არიან მილიარდერები, ბიზნესმენები და სამეფო ოჯახები, რომლებიც ცნობილი მხატვრების ნამუშევრების შესაძენად უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ. გამოცემა TheCollector-ის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ზოგიერთი კერძო კოლექციის სავარაუდო ღირებულება რამდენიმე მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კოლექცია ყატარის სამეფო ოჯახს ეკუთვნის, რომლის ღირებულებაც 10 მილიარდ დოლარზე მეტია შეფასებული. კოლექციაში წარმოდგენილია პაბლო პიკასოს, კლოდ მონესა და ენდი უორჰოლის ნამუშევრები, ასევე ისლამური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშები. ოჯახმა 2015 წელს კრისტის აუქციონზე პიკასოს ნახატი ალჟირელი ქალები 180 მილიონ დოლარად შეიძინა. გამოცემის ცნობით, სამეფო ოჯახი ხელოვნების ნიმუშების შესაძენად ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს ხარჯავს.

დაახლოებით 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული ძმები ეზრა და დევიდ ნაჰმადების კოლექცია. მათი საკუთრებაა ათასობით ხელოვნების ნიმუში, მათ შორის პიკასოს ნამუშევრები. გამოცემის ინფორმაციით, კოლექციაში ერთდროულად შესაძლოა 5 000-მდე ნამუშევარი ინახებოდეს. დევიდ გეფენის კოლექციის სავარაუდო ღირებულება კი 2.3 მილიარდ დოლარს აღწევს. მასში შედის ჯასპერ ჯონსის, ალბერტო ჯაკომეტის და დევიდ ჰოკნის ნამუშევრები. გეფენის კოლექცია განსაკუთრებით ცნობილია ომისშემდგომი ამერიკული ხელოვნებისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ნიმუშებით.

მსხვილ კოლექციონერებს შორის არიან ასევე ფრანგი მილიარდერი ფრანსუა პინო, რომლის კოლექციაშიც 2 500-ზე მეტი ნამუშევარია, და LVMH-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო. პინოს კოლექციის სავარაუდო ღირებულება 1.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, არნოსი კი — მილიარდ დოლარზე მეტად. მათ საკუთრებაშია მარკ როტკოს, ენდი უორჰოლის, პაბლო პიკასოსა და ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევრები.

ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშების მფლობელები:

№

კოლექციონერი / მფლობელი

კოლექციის სავარაუდო ღირებულება

1

ყატარის სამეფო ოჯახი

10 მლრდ დოლარზე მეტი

2

ძმები ეზრა და დევიდ ნაჰმადები

3 მლრდ დოლარზე მეტი

3

დევიდ გეფენი

2.3 მლრდ დოლარი

4

ელი და ედიტ ბროდები

2.2 მლრდ დოლარი

5

ფილიპ ნიარქოსი

2.2 მლრდ დოლარი

6

ფრანსუა პინო

1.4 მლრდ დოლარი

7

პოლინ და პანოს კარპიდასები

1 მლრდ დოლარზე მეტი

8

სტივენ კოენი

1 მლრდ დოლარზე მეტი

9

ბერნარ არნო

1 მლრდ დოლარზე მეტი

10

ჩარლზ სააჩი

1 მლრდ დოლარზე მეტი