ფონიჭალაში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, თბილისში ბუნებრივი აირის უსაფრთხოების საკითხი კვლავ მწვავედ დააყენა. 19 ნოემბერს, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა, გარდაიცვალა 6 ადამიანი. 

სამოქალაქო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი, გაზმომარაგების უსაფრთხოების მკვლევარი და ენერგეტიკის ექსპერტი გიორგი ჭაღიაშვილი აცხადებს, რომ თბილისში გაზის ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და მისი კონტროლის არსებული პრაქტიკა სერიოზულ კითხვებს აჩენს. მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ უკვე საუბრობდა, რომ დედაქალაქში გაზთან დაკავშირებული აფეთქება მოსალოდნელი იყო, რადგან „თბილისი ბომბზე ზის“.

„ერთი თვის წინ დავიწყე უკვე ლაპარაკი, რომ აუცილებლად მოხდება აფეთქება. კონკრეტულად მაგ ადგილას არა, მაგრამ სადღაც დედაქალაქში რომ იქნებოდა, ეგ ყოველ სეზონზე ვიცი“, – აცხადებს გიორგი ჭაღიაშვილი „აგროგარემო TV-სთან“.

ექსპერტის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გაზმომარაგების შიდა ქსელების კონტროლის არასრულყოფილი სისტემაა. მისი განმარტებით, კანონმდებლობაში არსებობს ხარვეზები, რის გამოც საცხოვრებელი შენობების შიდა გაზქსელების სათანადო ექსპერტიზა და ტექნიკური მდგომარეობის სრულფასოვანი კონტროლი ვერ ხორციელდება.

ჭაღიაშვილის თქმით, ქსელების ოპერირებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხიც პრობლემურია – სხვადასხვა კომუნიკაციის არსებობის გამო შესაბამისი სუბიექტები პასუხისმგებლობის აღებას ხშირად თავს არიდებენ, საბოლოოდ კი ამორტიზებული ინფრასტრუქტურა კონტროლის მიღმა რჩება.

„კანონში არის სერიოზული ხარვეზი ამასთან დაკავშირებით, რომ შიდა ქსელების ექსპერტიზა არ ხდება. ვინაიდან წითელ ხაზებში არის ესა თუ ის ქსელი, ოპერირებისგან თავს ირიდებენ და საბოლოო ჯამში მივდივართ იმ ამორტიზებულ ქსელთან“, – ამბობს ექსპერტი.

მისი აზრით, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს იმ საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების უსაფრთხოება, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაკეტილია და გაზს რეგულარულად არ მოიხმარენ. ჭაღიაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევებში მხოლოდ აბონენტის გამოძახების ან შეტყობინების მოლოდინი საკმარისი არ არის.

ექსპერტის შეფასებით, გაზის გამანაწილებელ კომპანიას სეზონის დაწყების წინ შეეძლო ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიებების ჩატარება და საცხოვრებელ ბინებში გაზის სისტემების შემოწმება. მისი თქმით, შესაბამისი საინფორმაციო კამპანიაც მნიშვნელოვანი იქნებოდა, რათა მოსახლეობას საკუთარი გაზქსელების მდგომარეობისთვის მეტი ყურადღება მიექცია.

„ან სეზონის დაწყებასთან ერთად, დავუშვათ, ჩაეტარებინათ ფართომასშტაბიანი აქცია „თბილისი ენერჯის“, რომ შესულიყო ყველა ბინაში. ან ფართომასშტაბიანი PR კამპანია ეწარმოებინათ სეზონთან დაკავშირებით, რომ ყველას მიექცია ყურადღება თავისი ქსელისთვის. ეს ქსელი, დავუშვათ, გადაკეტილი რომ ყოფილიყო და შიგნით ჟონვა არ დაეწყო, ხომ ავირიდებდით თავიდან ამ უბედურებას“, – აცხადებს გიორგი ჭაღიაშვილი.

ჭაღიაშვილი პრობლემად მიიჩნევს არა მხოლოდ ქსელების კონტროლის მექანიზმს, არამედ იმ სპეციალისტების კვალიფიკაციასაც, რომლებიც გაზის უსაფრთხოების შემოწმებას ახორციელებენ.

მისი თქმით, პრაქტიკაში არაერთხელ შეხვედრია შემთხვევებს, როდესაც კომპანიის წარმომადგენლების მიერ გამოყენებული საზომი აპარატურისა და შემოწმების მეთოდების სანდოობა კითხვებს აჩენს. ექსპერტი ასევე ეჭვქვეშ აყენებს თანამშრომელთა პროფესიული მომზადების ხარისხს.

„ქსელის გაზომვებზე ძალიან ბევრ კურიოზებს ვაწყდები მე თვითონვე, „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები რა აპარატურით მიდიან და ახორციელებენ ამა თუ იმ ობიექტზე ნებისმიერ გაზომვას. ანუ რანაირი პასუხები აქვთ და ზოგადად, რამდენად კომპეტენტურები არიან სწორი პასუხებისთვის? არც აპარატები ვარგა და არც სპეციალისტები არიან კომპეტენტურები. მე მაგათ სპეციალისტებს ვერ დავარქმევ. ესენი არ არიან სპეციალისტები. ნახევარ დღეში რომ ტრენინგს ჩაუტარებენ, რომ აი ასე უნდა გააკეთო, ესე უნდა მოექცე მოქალაქეს, ესე უნდა განუმარტო, სად შეიძლება, სად არ შეიძლება ამის დაყენება, მეტი არაფერი“, – ამბობს ექსპერტი.

მისივე განმარტებით, გაზის მოწყობილობების მონტაჟსა და ექსპლუატაციას კონკრეტული ტექნიკური მოთხოვნები არეგულირებს და ამ საკითხების ცოდნა გაცილებით მეტ პროფესიულ მომზადებას მოითხოვს, ვიდრე მოკლევადიანი ტრენინგია.

ინფორმაციისთვის, გუშინ ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოყვა. თავდაპირველი ინფორმაციით, აფეთქების ეპიცენტრი მეხუთე სართულზე მდებარე ბინა იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბინაში მცხოვრები გაზის გამათბობლის ჩართვას ცდილობდა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ბინა კომპანიის მონაცემთა ბაზაში უფუნქციოდ, ანუ დაუსახლებლად იყო რეგისტრირებული და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. კომპანიის ინფორმაციით, ამ მისამართიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში გაზის სუნთან ან სხვა პრობლემასთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.

აფეთქების ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. შემთხვევის ზუსტი მიზეზი და შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ უნდა დადგინდეს.