რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების განახლებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ჯი-თი გრუპი“ დასახელდა. კომპანია რუსთავის მუნიციპალიტეტს 70 ახალ ავტობუსს 37 659 300 ლარად მიაწვდის.

განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. შესაბამისად, ერთი ავტობუსის საშუალო ღირებულება 537 990 ლარია.

შესყიდვა თავდაპირველად 27 ოქტომბერს გამოცხადდა, სავარაუდო ღირებულებით 36.5 მლნ ლარი, თუმცა მონაწილეობის მსურველი არ გამოჩნდა. 30 ოქტომბერს გამოცხადებულ განმეორებით ტენდერში შესყიდვის ბიუჯეტი 39.8 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც თავდაპირველ თანხაზე 3.3 მლნ ლარით მეტია.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, 2005 წელს რეგისტრირებული „ჯი-თი გრუპის“ წილებს გიორგი გველესიანი (33.3335%), გიორგი თავდიშვილი (33.33325%) და თემურ უსტიაშვილი (33.33325%) ფლობენ. კომპანიის გენერალური დირექტორიც თემურ უსტიაშვილია.

„ტენდერების მონიტორის“ მონაცემებით, კომპანიას მონაწილეობა 611 ტენდერში აქვს მიღებული, საიდანაც 51% მოიგო. მოგებული შესყიდვების ჯამური ღირებულება 325.7 მლნ ლარია.

შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია M3 კატეგორიის, პირველი კლასის დაბალიატაკიანი საქალაქო ავტობუსების შეძენა. სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს 2026 წლის ან უფრო ახალი გამოშვების, ახალი და ექსპლუატაციაში არმყოფი, ერთი ბრენდისა და მოდელის.

ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, ავტობუსების სიგრძე 8-9 მეტრი, ხოლო სიმაღლე მინიმუმ 2.8 მეტრი უნდა იყოს. თითოეული მათგანი მძღოლის გარდა სულ მცირე 50 მგზავრზე იქნება გათვლილი.

ტრანსპორტი ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირებისთვის და აღჭურვილი ჰქონდეს ეტლისთვის განკუთვნილი სივრცე, უსაფრთხოების დამჭერები და მექანიკური პანდუსი. ასევე გათვალისწინებულია მინიმუმ Euro 5 სტანდარტის დიზელის ძრავა, არანაკლებ 130 კვტ სიმძლავრით.

სალონში დამონტაჟდება გათბობა-კონდიცირების სისტემა, მინიმუმ 10 USB პორტი, 19-ინჩიანი LCD მონიტორი და სამი ციფრული საინფორმაციო დაფა.

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსები რუსთავში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარული დღის განმავლობაში, ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.