თბილისის მერია, უნივერსიტეტის ქუჩისა და პ. ქავთარაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მშენებლობისთვის ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 953 160 ლარია.

პრეტენდენტს 2019 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების ახალი გზ(ებ)ის ან/და ხიდ(ებ)ის ან/და ესტაკად(ებ)ის ან/და გზაგამტარ(ებ)ის ან/და გვირაბ(ებ)ის მშენებლობის სამუშაოების შესრულების გამოცდილება (წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია - ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად გვირაბის შესასვლელი ნაწილი მდებარეობს უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ, ხოლო გამოსასვლელი უერთდება მიხეილ შავიშვილის ქუჩას, რომელიც დაკავშირებულია პ. ქავთარაძის ქუჩასთან.

საავტომობილო გზის მშენებლობა ითვალისწინებს:

- მისასვლელი #1 პანდუსის მოწყობას უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან;

- გვირაბის მოწყობას;

- გამოსასვლელი #2 პანდუსის მოწყობას მიხეილ შავიშვილის ქუჩის მხრიდან.

სამშენებლო უბნის საერთო სიგრძე შეადგეს 194 მეტრს, აქედან #1 პანდუსის სიგრძე ტოლია 37 მეტრის, გვირაბის-110მ, ხოლო #2 პანდუსის 47მ. მშენებლობის დასაწყისად მიღებულია პკ0+03, ხოლო დასასრულად კი პკ1+97.

გვირაბში და პანდუსების ფარგლებში გათვლისწინებულია ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით.  იმის გათვალისწინებით, რომ გვირაბი და პანდუსები გეგმაში თითქმის მთლიანად განლაგებულია 500მ რადიუსის მრუდზე სავალი ნაწილის სიგანე, მრუდზე გაგანიერების გათვალისწინებით, უბნის მთელ სიგრძეზე მიღებულია 8.65 მეტრი. სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს გათვალისწინებულია 2 მეტრი სიგანის ტროტუარი, ხოლო მარჯვენა მხარეს – 0.6მ სიგანის ტროტუარი(ბორდიური).

სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 3 (სამი) წელი.