„ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

„მოგესალმებით მეგობრებო!

მივესალმები ჩემს თბილისს და თბილისელებს!

მე, როგორც პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი და ამავდროულად დედაქალაქის მოქმედი მერი, კარგად ვაცნობიერებ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დამაკისრა. ემსახურო თბილისს, ნიშნავს ემსახურო ქალაქს, რომელიც ქართული კულტურის, მისი ისტორიის, რელიგიის ცენტრია. თბილისი ქართული იდენტობის სარკეა - აქ ყალიბდებოდა და ყალიბდება ის იდეები და ფასეულობები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ ვინ ვართ ჩვენ, ქართველები.

თბილისი იყო და რჩება საქართველოს ისტორიული მისიის სიმბოლოდ. ამასთან ერთად, სწორედ ამ მისიიდან გამომდინარე, თბილისის განვითარებას ყოველთვის თან ახლდა და ახლავს მრავალი სირთულე, წინაღობა და გამოწვევა, რომელთა დაძლევა მუდმივ ძალისხმევას და შრომას საჭიროებს.

8 წლის წინ, როდესაც დედაქალაქის მართვაზე პასუხისმგებლობის ასაღებად ვემზადებოდი, ჩემს გუნდთან ერთად მქონდა არა მხოლოდ ამბიციური მიზნები თბილისის გარდასაქმნელად და ასაღორძინებლად, არამედ კვლევაზე დაფუძნებული კონკრეტული გეგმა და ხედვაც ამ მისიის შესასრულებლად. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ პრობლემები და გამოწვევები იმაზე ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ველოდით. არ არსებობდა სატრანსპორტო თუ ურბანული დაგეგმვის დოკუმენტი. ქაოტური განვითარებით გამოწვეული პრობლემები უდიდეს საფრთხეს უქმნიდა თბილისს. უმძიმეს მდგომარეობაში იყო ქალაქის ინფრასტრუქტურა, აღსადგენი იყო პარკები და სკვერები, სპორტული მოედნები... აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ პრობლემას, რომელიც 8 წლის წინანდელ სინამდვილეს ასახავდა.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პირველივე დღეებიდან დავიწყეთ, ეს იყო საუბარი მოსახლეობასთან, ყოველდღიური შეხვედრები თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანში მცხოვრებ ადამიანებთან, მათი პრობლემების გაცნობა.

ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვით თბილისის საკრებულოს მაჟორიტარებს. სწორედ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარები არიან ის ადამიანები, რომლებსაც თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის პრობლემა მოაქვთ ჩვენამდე და ერთად ვიწყებთ ზომების მიღებას მათ გადასაჭრელად.

საკრებულოს მაჟორიტარები იქცნენ გულშემატკივრებად, მეგობრებად, ახლობლებად თბილისელებისთვის. ხშირად მომისმენია, მაგალითად, იგივე რევაზ სოხაძის შემთხვევაში, როგორ ხუმრობდნენ ვარკეთილელები თავიანთ მაჟორიტარზე, სახლში ნათურის შესაცვლელადაც კი რეზის ვურეკავთო.

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს ძალისხმევისთვის, რაც მათ გასული წლების განმავლობაში გასწიეს. მათი დამსახურებაა,

რომ დღეს თბილისის მაჯაზე გვიდევს ხელი და ზუსტად ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ქალაქს და თანაქალაქელებს. დიდია მათი წვლილი იმაში, რომ გვაქვს მოსახლეობის ძალიან დიდი ნდობა და მხარდაჭერა, რაც გვაძლევს სტიმულს, მეტი გავაკეთოთ თითოეული უბნისთვის და თბილისის ღირსეული მომავლისთვის.

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს! - ეს ნიშნავს უფრო მეტ რეკრეაციულ სივრცეს თბილისში, მეტად განახლებულ უბნებს რეაბილიტირებული ქუჩებით, სკვერებით და პარკებით, მეტ ახალ საბავშვო ბაღს, მეტ ინფრასტრუქტურას, მეტად ხელმისაწვდომ სერვისებს, თბილისელების კეთილდღეობისთვის ბევრად მეტ პროგრამას ჯანდაცვის, სოციალური, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის თუ სხვა მიმართულებით. ამ ყველაფერს კი სჭირდება თბილისის გულშემატკივარი პროფესიონალების ძლიერი გუნდი ქალაქის საკრებულოში.

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატები, რომელთა დიდ ნაწილს უკვე კარგად იცნობთ, ნაწილი კი ახალი სახეებია.

1. მთაწმინდის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ ბატონი ზურაბ აბაშიძე, თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე. ზურა მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო სამსახურში და პოლიტიკურ საქმიანობაში. აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება, არის პრინციპული, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანი. მისი სახით, მთაწმინდის რაიონს ეყოლება პროფესიონალი, გამოცდილი მაჟორიტარი. ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმ ფაქტს, რომ ზურა არის მრავალშვილიანი მამა, ხუთ შვილს უზრდის სამშობლოს.

ვაკის რაიონში ორი კანდიდატი გვყავს:

2. ალექსანდრე ასათიანი (ცენტრალური ვაკე) - არის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, წლებია, წარმატებით საქმიანობს კერძო სექტორში. იგი არის საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი. ვფიქრობ, სანდროს გამოცდილება და შემართება ძალიან წაადგება თბილისს და ვაკის რაიონს.

3. ბექა გელენავა (საბურთალოს მხარე) - ფინანსისტი, მარკეტოლოგი, აქვს საბანკო სექტორში მუშაობის კარგი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. არის წარმატებული, პროფესიონალი კადრი, რომელიც მზად არის ჩაერთოს თბილისის განვითარებაში, იზრუნოს ვაკის რაიონის მოსახლეობის საჭიროებებზე, იყოს მათი ხმა საკრებულოში.

საბურთალოს რაიონში საკრებულოს წევრობის 3 კანდიდატი გვყავს:

4. ბექა მიქაუტაძე (ვეძისი, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი, გოთუა) - გარდა იმისა, რომ ბექა თავადაც ძირძველი საბურთალოელია, იგი 4 წელი იყო საბურთალოს რაიონის გამგებელი და საფუძვლიანად იცის ყველა საკითხი, რაც საბურთალოს რაიონს უკავშირდება. ბექას აქვს მუნიციპალიტეტში მუშაობის უდიდესი გამოცდილება. იყო გლდანის გამგებელი, ამჟამად არის კრწანისის რაიონის გამგებელი. ბექა ყოველთვის იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა ქვეყანას. ის აფხაზეთის ომის ვეტერანია და დღეს იბრძვის მშვიდობისთვის და მეტი სიკეთისთვის.

5. არჩილ ნიჟარაძე (კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანი) - კიდევ ერთი ახალი სახე იქნება საკრებულოში. მას აქვს საბანკო და კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება. არჩილის სახით, საქმიანი, მოტივირებული, მოქალაქეების ინტერესების გამტარებელი ადამიანი ეყოლება დოლიძე-ხილიანის ოლქში საბურთალოს მოსახლეობას.

6. შალვა პერანიძე - (დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღომი) საბურთალოელები მას კარგად იცნობენ, რადგან წლებია ხელმძღვანელობს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობას და უშუალო კავშირი აქვს მოსახლეობასთან, იცნობს მათ საჭიროებებს. შალვას აქვს სურვილი დიდი დიღმის დასახლებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები შემოიტანოს საკრებულოში და ჩაერთოს მათ განხორციელებაში.

7. კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ ლევან ჯაფარიძე, კრწანისზე და კრწანისელებზე უზომოდ შეყვარებული კაცი, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, თუ რას ნიშნავს იყო მაჟორიტარი. ლევანი ყოველთვის მზად არის, მოუსმინოს მოსახლეობას, გაატაროს მათი ინეტერესები საკრებულოსა და მერიაში“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს