ინფრასტრუქტურის სამინისტრო სისტემური ცვლილებების გრძელვადიანი შედეგების უზრუნველსაყოფად რამდენიმე სტრატეგიულ ინიციატივაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაწყებულია სამუშაოები ლაბორატორიის შექმნის მიზნით, შესრულებული სამუშაოს ხარისხის რეალური შემოწმებისთვის, ასევე მუშავდება საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ახალი სტრატეგია და სტანდარტები.
„ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას წარმოვუდგენთ საავტომობილო გზების შესახებ ახალ კანონპროექტს, რომლის მომზადების პროცესშიც საერთაშორისო ექსპერტებიც იქნებიან ჩართული,“ – აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის განმარტებით, მომავალში საპროექტო გადაწყვეტილებებში მოთხოვნილი იქნება მოდიფიცირებული ასფალტის გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის გზის საფარის გამძლეობასა და ექსპლუატაციის ვადას.
მინისტრის თქმით, იცვლება ტენდერის პირობებიც, რაც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ბაზრის გახსნას, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალურ დაცვას. საგზაო და წყალმომარაგების პროექტებისთვის სამინისტრო საერთაშორისო სპეციალისტებთან რამდენიმე წლიანი კონტრაქტების გაფორმებას გეგმავს.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს