თურქეთმა ზანგეზურის, იგივე ტრამპის კორიდორის პროექტის საკუთარი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. საუბარია 244-კილომეტრიან სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელიც აზერბაიჯანის ექსკლავის, ნახიჩევანის საზღვართან, დილუჩუში დაიწყება და არაკლისა და იღდირის გავლით ქალაქ ყარსში დასრულდება. პროექტის ღირებულება $2.8 მილიარდი დოლარი იქნება და 2030 წლისთვის დასრულდება.

გეგმის თანახმად, მოეწყობა რკინიგზის ორმხრივი ზოლი, ასევე აშენდება 600-მდე მცირე და დიდი ზომის გვირაბი და ხიდი. პროექტის დასრულების შემდეგ, რკინიგზას წლიურად 5.5 მილიონი მგზავრის გადაყვანა შეეძლება. ასევე შესაძლებელი იქნება 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ ტრამპის კორიდორს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზამკვლევი უწოდა და აღნიშნა, რომ მასში თურქეთი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს. ეს კი, თავის მხრივ, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, თურქეთს კი შუალედური დერეფნის ცენტრალურ მოთამაშედ აქცევს.

bm.ge