თბილისის სატელევიზიო ანძის ტერიტორიაზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების საწყისი ეტაპი დაწყებულია, - ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელ  კომპანია Kass Group-ში "ბიზნესპარტნიორს" განუცხადეს.

მათივე  ცნობით, საწყისი ეტაპი ტერიტორიის მობილიზაციასა და სამუშაო სივრცის ორგანიზებას გულისხმობს.

"აღნიშნული ეტაპის ფარგლებში განხორციელდა ტერიტორიაზე არსებული მოძველებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და ტერიტორიის სრული გასუფთავება.

პარალელურად მოეწყო სამშენებლო უსაფრთხოების ღობეები და განხორციელდა დროებითი საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა, რაც უზრუნველყოფს სამუშაოების უსაფრთხო, ორგანიზებულ და შეუფერხებელ მიმდინარეობას”, - აცხადებენ Kass Group-ში.

ცნობისთვის, სატელევიზიო ანძის ქვედა ნაწილში მოეწყობა თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი, ხოლო 70 მეტრ სიმაღლეზე პანორამული რესტორანი.

პროექტის ფარგლებში აშენდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ტურისტული სტანდარტების შესაბამისი იქნება. ინვესტიციის მოცულობა შეადგენს არანაკლებ 4 მილიონ აშშ დოლარს.

მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადაა 2028 წლის მარტი. ოპერირების ფაზა გაგრძელდება 25 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მოწყობილი ინფრასტრუქტურა უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო საწარმოს — შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“. პროექტის მიზანია სატელევიზიო ანძის ტურისტულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობად ქცევა, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, ისე თბილისის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებას.

შეგახსენებთ, თბილისის ანძის განვითარების და ტურისტული თავშეყრის ობიექტად ქცევის პროექტს კომპანია Kass Group-ი ახორციელებს. 

bp.ge