მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები იცვლება, რასაც პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი ცვლილებები ითვალისწინებს. იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ კანონიერად იმუშაოს, 1-ელი მარტიდან საჭიროა: შრომითი ხელშეკრულების გაფორმება; „შრომითი საქმიანობის უფლება“ და მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან D1 კატეგორიის ვიზა.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში სიახლის გარშემო საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველმა პარტნიორმა მედეა ტაბატაძემ აღნიშნა, რომ რაც კანონს სჭირდება, ეს არის მკაფიოობა, რათა კომპანიებმა ზუსტად იცოდნენ, რა ტიპის კრიტერიუმები იქნება სავალდებულო, რომელიც დამსაქმებელს ან ხელს შეუშლის, ან ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებაში.

„როცა ჩვენი მოქალაქეები მიდიან საზღვარგარეთ სამუშაოდ, მათაც აქვთ ვალდებულება წარადგინოთ ბევრი დოკუმენტი: ჯანმრთელობის ცნობა, ნასამართლობის ცნობა, დადასტურება, რომ გარკვეული ფინანსური სახსრებით შეუძლია, საკუთარ თავზე იზრუნოს და ასე შემდეგ. საქართველოშიც მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, რა მოვთხოვოთ მომავალ თანამშრომელს“, - აცხადებს მედეა ტაბატაძე.

მისი განმარტებით, კონკრეტული მოთხოვნები შესაბამის კანონს დღესაც აქვს და კომპანია, რომელიც უცხოელს ასაქმებს, კონკრეტულ პროცედურებს გადის, თუმცა არის თუ არა მიგრანტი იმ უნარებისა და შესაძლებლობების მქონე, რაც საქმეს სჭირდება, ამის დადასტურების ვალდებულება აქამდე არ არსებობდა. დღეს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, კომპანიამ უნდა წარადგინოს ინფორმაცია, რამდენი მიგრანტი ჰყავს, რა სამუშაოების შესასრულებლად და რა ვადით.

„სფეროები, სადაც უცხოელები არიან დასაქმებულები, ძირითადად არის მშენებლობები, საკურიერო მომსახურებები, ტაქსების კომპანიები. ეს მართლაც ისეთი სფეროებია, სადაც საჭიროა მონიტორინგი, ვინ უნდა შეასრულოს საქმე, რომ რისკები არ შეიქმნას.

დარწმუნებული ვარ, კომპანიები უცხოური კადრების გარეშე არ დარჩებიან. სამუშაო ძალის დეფიციტი რომ არსებობს, არ ნიშნავს, ქაოსურად და ცუდად მოვიქცეთ. როცა კომპანიას დეფიციტი აქვს, ეს დეფიციტი შესაბამისი ან მეტ-ნაკლებად შესაბამისი სამუშაო ძალით უნდა ამოავსოს და არა ნებისმიერი ადამიანით, ვინც სასოწარკვეთილი ეძებს ნებისმიერ სამსახურს. ამით მომსახურების ხარისხიც ფუჭდება და მომხმარებლებიც უკმაყოფილოები არიან.

რეგულაციების გაძლიერებას ვეთანხმები, თუ ცხადი იქნება კრიტერიუმები და არ იქნება ბუნდოვანება. ეს არის არა ხელის შეშლა, არამედ გარკვეული წესრიგის შემოტანა“, - მიიჩნევს მედეა ტაბატაძე.