საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და რადიო „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტი „ბიზნესი და სამართალი“ ამჯერადაც მორიგ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხს შეეხო - ოჯახში ძალადობასა და მსხვერპლთა დაცვის გარანტიებს.
როგორც გადაცემაში საუბრისას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ზაქრო გვიშიანი განმარტავს, 2006 წლამდე საქართველოში არ არსებობდა კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის შესახებ, რადგან სახელმწიფო თვლიდა, რომ არც უნდა ჩარეულიყო ოჯახური ძალადობის შემთხვევებში, რადგან ეს იყო პირადი ურთიერთობები. საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაშიც, სისხლის სამართლებრივი დევნაც მარტივად წყდებოდა. ზაქრო გვიშიანი იმასაც აღნიშნავს, რომ კანონის მიღების შემდეგ წლების განმავლობაში მიმართვიანობასა და გამოვლენასთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა არსებობდა და პრინციპში, მსგავსი პრობლემა გარკვეულწილად დღესაც არსებობს. ადვოკატის განმარტებით, პირი, რომელიც ძალადობს, შერჩეული აქვს ძალადობის ფორმა, ხერხი, საშუალება, დრო და ადგილი.
„ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ პირი, რომელიც ძალადობს, ძალიან კარგად იცის, რომ არ უნდა იძალადოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არ უნდა მოახდინოს ისეთი ფორმით ძალადობა, რომელიც შესამჩნევი იქნება, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური. მოძალადე საზოგადოებას თავს წარუდგენს, რომ არის ძალიან კარგი ადამიანი და ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლს არც უჯერებენ, რომ მისი მეუღლე ან ოჯახის წევრი მოძალადეა. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია, შემთხვევების გამოვლენა, თუ მსხვერპლი არ მოიკრებს ძალას, არ წარადგენს ინფორმაციას ძალადობის შესახებ“, - ამბობს ზაქრო გვიშიანი.
ადვოკატის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში მოძალადე იმდაგვარად მოქმედებს, რომ არ ტოვებს მტკიცებულებებს. ასეთ დროს აუცილებელია დაზარალებულის თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენება, რასაც სასამართლო ითვალისწინებს.
„როცა საუბარია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ტანჯვასა და შეურაცხყოფაზე, ტარდება ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და თუ ფაქტი დადასტურდა, ეს ცალკე აღებული მტკიცებულებაა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, პირის დამნაშავედ ცნობისთვის ორი ან მეტი უტყუარი მტკიცებულებაა საჭირო, მაგრამ ამ კატეგორიის საქმეებში პრაქტიკით დადგინდა, რომ შესაძლებელია მოძალადე სასამართლომ დამნაშავედ ერთი მტკიცებულებითაც ცნოს. თუმცა არის ერთი პრობლემა - არის შემთხვევები, როცა სავარაუდო მსხვერპლი ბოროტად იყენებს სახელმწიფოს ამგვარ დამოკიდებულებას“, - აცხადებს ზაქრო გვიშიანი.
რა შემთხვევაში ხდება ოჯახურ ძალადობაზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება? ამ კითხვაზე ადვოკატის პასუხი ასეთია:
„როცა სავარაუდო მსხვერპლი განაცხადებს, რომ მასზე ძალადობა ხდება, სახელმწიფო ვალდებულია, გამოწეროს შემაკავებელი ორდერი, რაც ხშირ შემთხვევაში, ეფექტს იძლევა. სისხლის სამართლის ქმედების შემთხვევაში ადგილი უნდა ჰქონდეს ფიზიკურ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ტანჯვას, იძულებას. ხშირ შემთხვევაში პრაქტიკაში გვხვდება მუქარაც.
თუ მსხვერპლს აქვს დაზიანებები, თუ პოლიციის მისვლის დროს განაცხადებს, რომ სისტემატური ადგილი აქვს ძალადობას, თუ მუქარა რეალურია, პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. აქ უკვე შემაკავებელი და დამცავი ორდერი, ბუნებრივია, საკმარისი ვერ იქნება.
არსებობს ძალადობის ბორბალი, რომელიც იწყება მცირე ინციდენტით, შემდეგ ღრმავდება, შემდეგ ისევ იდეალური მეუღლეები ხდებიან, მაგრამ ეს ციკლი მეორდება და შეიძლება უფრო მძიმე შედეგები დადგეს. იმის თქმა მინდა, რომ ძალადობის პირველივე შემთხვევაში სავარაუდო მსხვერპლმა აუცილებლად უნდა განაცხადოს, რათა შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს. “, - აცხადებს ზაქრო გვიშიანი.