ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა. გამოძიება მას სასწრაფო დახმარების ავტომანქანების ტენდერის ხელოვნურად შეწყვეტასა და ბიუჯეტისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი ზიანის მიყენებას ედავება.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული პირი ამავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე, რომლის საბოლოო ბენეფიციარი სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი იყო. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი — 8 525 876 ლარი შესთავაზა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნული ტენდერი მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით შეწყდა. გამოძიების ვერსიით, მან სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით.
უწყების ინფორმაციით, 2023 წლის 10 მაისს მისი მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები არსებითად დააზიანა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით.