ევროკავშირი და ინდოეთი თითქმის 20-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის დელეგაცია, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ნიუ-დელიში ჩავიდა და ორმხრივი სამიტის ფარგლებში ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდა.

„ჩვენ შევქმენით თავისუფალი ვაჭრობის ზონა ორი მილიარდი ადამიანისთვის, რომლითაც ორივე მხარე ისარგებლებს“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მან შეთანხმებას „ყველა დროის უდიდესი სავაჭრო გარიგება“ უწოდა.

შეთანხმების თანახმად, ინდოეთი გააუქმებს ტარიფებს ევროპულ ხილის წვენებზე, დამუშავებულ საკვებზე, ზეითუნის ზეთზე, მარგარინსა და სხვა მცენარეულ ზეთებზე, რითაც თავის უზარმაზარ ბაზარს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ექსპორტს გაუხსნის, იუწყება The Times of India. გარდა ამისა, ევროპულ სპირტიან სასმელებზე ტარიფები, რომლებიც ამჟამად 150%-ს აღწევს, 40%-მდე შემცირდება.

საერთო ჯამში, ევროკავშირიდან ექსპორტირებული საქონლის 96.6% მიიღებს ტარიფულ შეღავათებს.