საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის სამხრეთით ახალი შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი ქვეყნისა და დედაქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და მიზნად ისახავს სატრანსპორტო ნაკადების ეფექტიან გადანაწილებას, გზის გამტარუნარიანობისა და ტვირთბრუნვის ზრდას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს თბილისის ცენტრალური ქუჩებისა და სანაპირო გზების განტვირთვას, რადგან ალტერნატიული მარშრუტი ქალაქის ცენტრალური ნაწილის გვერდის ავლით უზრუნველყოფს სხვადასხვა უბნების ერთმანეთთან დაკავშირებას და ქალაქიდან გასვლას. შედეგად, შემცირდება საცობები და გაუმჯობესდება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მიზანია ალტერნატიული მარშრუტების შემუშავება და მათი დეტალური ანალიზი, რათა შეირჩეს თბილისის სამხრეთით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ოპტიმალური ვარიანტი.
საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს ხარჯთეფექტიანობის შეფასებას, მინიმუმ სამი ალტერნატიული მარშრუტის შემუშავებასა და მათ ანალიზს, ასევე — პრიორიტეტული მარშრუტის შერჩევას და შემდგომი საპროექტო სამუშაოების მიზანშეწონილობის განსაზღვრას.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციის მომზადების ვადა 12 თვეს შეადგენს.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 17 აპრილის, 18:00 საათისა.
ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე იხილეთ ბმულზე.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.