საავტომობილო ბიზნესი არ არის მხოლოდ ის, რომ ადამიანები ოფისებში სხედან და აუქციონებზე ვაჭრობენ, მთელი ჯაჭვია აქ და ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ბევრი სექტორიდან უმუშევარი რჩება, - ასე ეხმიანება მთავრობის რეგულაციას, რომელიც 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟების მნიშვნელოვნად გაძვირებას გულისხმობს, „გრინ ლაითის“ დამფუძნებელი სერგი ბერიანიძე

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას სერგი ბერიანიძე აღნიშნავს, რეგულაციის გამო უმუშევრად რჩებიან თავად დილერები, ასევე, ხელოსნები, მეორადი ნაწილების გაყიდვაში ჩართული ადამიანები, ევაკუატორების მძღოლები და ასე შემდეგ.

„ავიღოთ ერთ-ერთი სეგმენტი, რომელში დასაქმებული ადამიანებიც მანქანებს დასაშლელად ყიდულობენ და მეორად ნაწილებად ყიდიან. აქამდე მათ შეეძლოთ, მანქანა განებაჟებინათ ისე, რომ არ ენიჭებოდათ ნომერი, ჩამოეწერათ ეს მანქანა და გაეგრძელებინათ საქმე. ახალი კანონის ფორმულირებით დღეს ეს წარმოუდგენელია, სიტყვაზე ვამბობ, ყველაზე პოპულარული მანქანის ნაწილებისთვის, რომლის განბაჟებაში 12 ათასი ლარი უნდა გადაიხადო, აზრი აღარ აქვს და ეს სფეროც ჩაიხსნა“, - აცხადებს სერგი ბერიანიძე.

მისივე თქმით, კანონი გაუგებარია, რადგან გამოდის, რომ ვისაც საშუალება აქვს, შეუძლიათ, გარემო დააბინძურონ, ხოლო ვისაც არ აქვს საშუალება, ისინი ძველი მანქანებით დარჩებიან და გარემოს კვლავაც დააბინძურებენ.

„მაშ, რისთვისღა არის ტექდათვალიერება, ხომ არის იქ ნორმები, თუნდაც, გამონაბოლქვის სტანდარტები, რის გაძვირებასაც ასევე აპირებენ. კანონს მხარს დავუჭერდი იმ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა ამისთვის ფიზიკურად და ფინანსურად მზად იყოს“, - აღნიშნავს სერგი ბერიანიძე.

სერგი ბერიანიძე მეორადი ნაწილების მიმართულებით ერთ შესაძლო ვარიანტზე საუბრობს, თუმცა მიიჩნევს, რომ გამოსავალი არც ეს არის.

„ასეთი ვარიანტია, რომ ამერიკაშივე დაიჭრას მანქანები და მხოლოდ წინა ნაწილები წამოვიღოთ. ამ შემთხვევაში, როგორც ჯართის ფასი, ისე განბაჟდება, მაგრამ ამისთვის ყველა გადამზიდი არ არის მზად, რადგან ამას სჭირდება ცალკე ინფრასტრუქტურა, სხვა მუშაობა. მზად არ არიან არც ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანები, რადგან მოუწევთ მთლიანი კონტეინერების ყიდვა. საბოლოო ჯამში, მეორადი ნაწილები რომ აღარ იქნება, ფასი ყველა ვარიანტში გაიზრდება. გარდა ამისა, მანქანა რომ გარემონტდეს, აბსოლუტურად ყველა სპექტრის ხელოსანი სჭირდება, დაწყებული მეთუნუქიდან, მღებავით დამთავრებული და ეს ადამიანებიც უმუშევრები რჩებიან. ბიზნესს ჩაეხსნებიან ევაკუატორებიც.

არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას, როცა შეიძლება, რომ მართლა იზრუნონ ეკოლოგიაზე, სტანდარტები აწიონ, უფრო მეტი ყურადღება მაგალითად, სამშენებლო მტვერს მიაქციონ “, - აცხადებს სერგი ბერიანიძე.