2026 წლის 15 აპრილიდან საერთაშორისო პლატფორმებზე „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ ბარათებით ლარში გადახდისას საკომისიო ამოქმედდება. ინფორმაცია ამის შესახებ, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა მომხმარებლებს უკვე გაუგზავნეს.

საერთაშორისო პლატფორმებში იგულისხმება ისეთი ვებ გვერდები და აპლიკაციები როგორიცაა: Temu, Shein, Wizzair, Turkish Airlines და სხვა.

„2026 წლის 15 აპრილიდან საერთაშორისო არხებში სადებეტო ბარათით ეროვნულ ვალუტაში (GEL) გადახდისას, საკომისიო განისაზღვრება ტრანზაქციის თანხის 1.5%-ით (მაქსიმუმ 10 ლარით).

საკომისიო გავრცელდება მხოლოდ იმ ტრანზაქციებზე, როდესაც მომხმარებელი, საერთაშორისო ელექტრონული კომერციით ან/და პოს-ტერმინალზე სადებეტო ბარათით გადახდისას, ანგარიშსწორების ვალუტად აირჩევს ეროვნულ ვალუტას - ლარს (GEL) და არ გავრცელდება უცხოურ ვალუტებში (USD, EUR, GBP და ა.შ.) შესრულებულ გადახდებზე.

საკომისიო გავრცელდება ნებისმიერი ტიპის სადებეტო ბარათით გადახდისას (როგორც ფიზიკური პირის (მათ შორის მოსწავლის ბარათით), ისე ბიზნეს ბარათით)“, - წერია „თიბისის“ განცხადებაში.

ბანკის ინფორმაციით, საკომისიო არ გავრცელდება 5 ლარზე ნაკლები ოდენობის ტრანზაქციებზე. ასევე საკომისიო არ გავრცელდება ადგილობრივ გადახდებზე (Wolt, Glovo, Bolt და ა.შ).

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, გადახდის პროცესში მომხმარებლისთვის თვალსაჩინო იქნება მხოლოდ ტრანზაქციის თანხა, საკომისიოს გარეშე. შესაბამისი საკომისიო ჩამოიჭრება ტრანზაქციისგან დამოუკიდებლად.

ამასთან, უცხოური სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე ტრანზაქციის თანხის დაბრუნების (რეფანდის) შემთხვევაში, მომხმარებელს საკომისიო არ დაუბრუნდება“, - წერია ინფორმაციაში.