კომპანია Reinvest-ის დამფუძნებელი ლევან ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, რომელმაც სხვა დანარჩენთან ერთად, გავლენა დუბაიზეც მოახდინა, მსხვილი ინვესტორები შესაძლოა, საქართველოთი დაინტერესდნენ.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ლევან ბოლქვაძე აცხადებს, რომ თუკი ირანში სიტუაცია დროულად დასტაბილურდა, შესაძლოა, უძრავი ქონების პრემიუმ სეგმენტში ფასები 20-30%-ით გაიზარდოს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ირანში მიმდინარე მოვლენებმა დუბაიზეც მოახდინა უარყოფითი გავლენა, იქ არსებული ინვესტორების გარკვეული ნაწილი ალტერნატიულ ბაზრებს მოიძიებს და ვფიქრობ, საქართველო მათთვის იდეალურია. იმას ვერ ვიტყვი, რომ თავიანთ გეგმებს სრულად გადმოაწყობენ საქართველოსა თუ ბათუმზე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად, ჩვენ ვართ მშვიდობიანი დერეფანი ახლო აღმოსავლეთსა და ევროპასთან ძალიან ახლოს, სადაც ისინი თავისუფლად შეძლებენ ინვესტირებას. პლუს, აღვნიშნავ, რომ გასული წლის მიწურულს და ახალი წლიდან ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ევროპიდან შემოსული ბევრი ინვესტორი გამოჩნდა. დავამატებ იმასაც, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი, როგორიც არის მაგალითად, იგივე ხელოვნური კუნძული. ამდენად, დარწმუნებული ვარ, ისინი გარკვეულ საინვესტიციო მოცულობებს გადმოათამაშებენ მშვიდობიან ბაზარზე.

ჯერჯერობით ფასების მოულოდნელ ცვლილებებზე საუბარი რთულია, თუმცა ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, სტატისტიკის მიხედვით, ბათუმში უძრავი ქონების ფასის ზრდა სტაბილურია - 15%-იანი ზრდა არის თითქმის ყოველწლიურად. შესაბამისად, მოლოდინი მაქვს, რომ ფასები ამ ტენდენციას გაუყვება. ამასთან, თუკი ირანში მაისიდან ყველაფერი დალაგდება, მაქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა, პრემიუმ სეგმენტში ფასები 20-30%-ით გაიზარდოს“, - აცხადებს ლევან ბოლქვაძე.

მისივე თქმით, ომის გამო უძრავი ქონების ბაზარს ამ ეტაპზე დიდად უარყოფითი გავლენა არ განუცდია და არც სამომავლოდ აქვს ნეგატიური მოლოდინები. საბოლოო ჯამში, როგორც ბოლქვაძე აღნიშნავს, ყველაფერი ომის დროულად დასრულებაზეა დამოკიდებული.

„მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელსაც მდგომარეობა დაძაბული იყო, საბოლოოდ, წლის შემაჯამებელი ციფრი, ისრაელის მოქალაქეებს ვგულისხმობ, დაფიქსირდა 13-14%-ის ფარგლებში. შესაბამისად, მოლოდინი მაქვს, რომ თუ სიტუაცია დროულად დამშვიდდა, შესაძლოა, ამან ორმაგად დადებითად იმოქმედოს ბათუმისა და ზოგადად, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე“, - ამბობს ლევან ბოლქვაძე.