მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მე-2 მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა.
დოკუმენტების თანახმად, სამუშაოების შესრულების სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ - YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ-მა გამოთქვა, თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო და შესყიდვა ვერ შედგა.
თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მე-2 მონაკვეთის მშენებლობა/მოდერნიზაციის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 112 701 314 ლარს შეადგენდა.
პროექტი მიხედვით, საპროექტო გზა 3.6 კმ სიგრძისაა, პროექტის ფარგლებშიც დაგეგმილია 7 ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობა. აღნიშნული გზით მოხდება მიმართულების გადატანა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დაერთდება თბილისის მერიის დაფინანსებით მიმდინარე სამშენებლო მონაკვეთთან, სადაც მოეწყობა სატრანსპორტო კვანძი, მისი შემდგომი დაბრუნებით მარჯვენა სანაპიროზე, საგზაო კავშირის და ქსელის გაუმჯობესებით.
დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ სრული ორდონიანი კვანძის მოწყობა აკმაყოფილებს როგორც ადგილობრივ, ასევე სატრანზიტო ნაკადის საჭიროებებს. ამასთან, არსებულ გზაზე, ფონიჭალას ტერიტორიაზე, მოეწყობა ერთდონიანი კვანძი ადგილობრივი მოძრაობის დასარეგულირებლად.
მტკვრის სანაპიროზე, კმ 6+050 და კმ 6+300-ზე, მტკვრის სანაპიროს გასწვრივ გათვალისწინებულია მოსასვენებელი ვერანდების მოწყობა, სადაც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მისადგომობა უზრუნველყოფილი იქნება შუქნიშნებით.
საავტომობილო გზისთვის საპროექტო სიჩქარე განსაზღვრულია 80 კმ/სთ, ისევე როგორც მიმდებარე მონაკვეთებისთვის. საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობა, მონიშვნის დატანა,ზღუდარების მოწყობა, ქუჩის განათება და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ თბილისი-რუსთავის მაგისტრალური გზის აღნიშნული პროექტი თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის ნაწილია. საპროექტო მონაკვეთი რამდენიმე ლოტად არის დაყოფილი. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული ფონიჭალა-რუსთავის პროექტი გზის მეორე მონაკვეთია. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-რუსთავის 17 კმ-იანი საავტომობილო გზის დასრულებული 13.5 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი 2018 წლიდან სარგებლობს.
საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთს თავდაპირველად ფონიჭალაზე უნდა გაევლო, თუმცა პროექტი მოსახლეობის პროტესტის ფონზე 2019 წელს შეჩერდა.
ცნობისათვის, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის პროექტი 2014 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაიწყო. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. გზის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა დასრულებულია. სამუშაოებზე 184 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა.