ქალაქ სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობა იგეგმება. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, გზის სიგრძე 4.1 კილომეტრს შეადგენს და ის ჩრდილოეთით დაუკავშირდება სტეფანწმინდა ლარსის ახალ 4.5-კილომეტრიან ახალ მაგისტრალს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზღვართან დასრულდება.

სტეფანწმინდის შემოვლითი გზა სოფელ ფანშეტთან დაიწყება და სოფელ გერგეტის ჩრდილოეთით, მდინარე ჩხრესთან დასრულდება. გზის მოქმედი მონაკვეთი უშუალოდ სტეფანწმინდას კვეთს, ახალი გზა კი მდინარე თერგის მარცხენა სანაპიროსთან გადაინაცვლებს, ხოლო სოფელ გერგეტის მიმდებარედ ესტაკადაზე გადაინაცვლებს, რომლის სიგრძეც 736 მეტრი იქნება.

ახალი გზის პროექტთან დაკავშირებით ტენდერი მას შემდეგ გამოცხადდება, რაც პროექტთან დაკავშირებით გზშ ანგარიში დამტკიცდება. ასე რომ ჯერ უცნობია, რა თანხა დასჭირდება ამ გზის მშენებლობას.

4.13-კილომეტრიანი გზა სამი ხიდის/ესტაკადის მშენებლობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, სტეფანწმინდა-ლარსის 4.5-კილომეტრიან ახალ საგზაო მონაკვეთზე 212 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო კონტრაქტი 2024 წლის ოქტომბერში, ჩინურ სახელმწიფო კომპანია China Railway Tunnel Group Co-სთან გაუფორმდა.