საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა 112 ახალი ტენდერი გამოაცხადა. 3.2 მილიონ ლარიანი შესყიდვა შეეხება ვიდეო-ანალიტიკური სერვერის და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებას. აღწერის თანახმად, სისტემამ უნდა მოახდინოს ქვეყნის მასშტაბით განთავსებული ვიდეოკამერებიდან ავტომობილების ნომრების ამოცნობა და მათი ერთიან ბაზაში მოძიება.

მომსახურება გულისხმობს:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნების ამოცნობის სისტემა, რომელსაც უნდა ჰქონდეს არანაკლებ 90%-იანი სიზუსტე დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში;
  • ვიდეო-ანალიტიკური პლატფორმის 24/7 რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა;
  • რეაგირება პროგრამულ/სისტემურ ხარვეზებზე არაუგვიანეს 3 საათისა, ხოლო ხარვეზის აღმოფხვრა მაქსიმუმ 72 საათში.
  • მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, უზრუნველყოს როგორც არსებული სისტემის ტექნიკური გამართულობა, ისე მისი მოდულების განვითარება და Kubernetes-ით მართულ კონტეინერიზებულ ინფრასტრუქტურაზე სრული ადმინისტრირება.
  • ტექნიკური აღწერის თანახმად, პროვაიდერი ასევე ვალდებულია მოახდინოს 151 ერთეული Dell PowerEdge სერვერის მომსახურება, რომელიც თბილისში ორ მონაცემთა ცენტრშია განთავსებული.
  • ნებისმიერი დაზიანებული კომპონენტის შეცვლა 24 საათში, მთელი ხელშეკრულების ვადის განმავლობაში.

ტენდერი 25 ივლისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 22 აგვისტოდან დაიწყება და 27 აგვისტოს 12:00 საათზე დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 3,240,000 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების ვადა განსაზღვრულია 2025 წლის 5 აგვისტოდან 2028 წლის 4 აგვისტომდე.

"2021 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადებამდე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს, ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის(ების) მინიმუმ 12 თვიანი მომსახურების გამოცდილება. გაწეული მომსახურების ხელშეკრულების ან ხელშეკრულებების ჯამი უნდა აღემატებოდეს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს,"- ნათქვამია შესყიდვის აღწერაში.

წყარო: BM.GE