ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვებისთვის დამატებითი ტარიფები დაწესდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ COSCO SHIPPING LINES-ის კომერციულმა მენეჯერმა გივი ჩაჩანიძემ განუცხადა, დღეს, 40 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი როგორც ჩინეთიდან, ისე აშშ-დან და ევროპის სახელმწიფოებიდან თითქმის იგივეა, რაც სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე იყო, თუმცა მას, მთელ მსოფლიოში, ფიქსირებული გადასახადი დაემატა, რომელიც სამხედრო რისკის, ასევე, საწვავის ფასის დაზღვევასთან არის დაკავშირებული.
„მაგალითად - საზღვაო ხაზებმა ისრაელში ტვირთის გადასატანად და ასევე, ისრაელიდან ტვირთის ჩამოსატანად ე.წ „საომარი მოქმედებების რისკის გადასახადი“ დააწესეს. რაც შეეხება სხვა ქვეყნებსა და რეგიონებს, ნავთობის ფასის ზრდის გამო, მათთან საზღვაო ხაზებმა ე.წ „აუცილებელი საწვავის გადასახადი“ დაამატეს. ფიქსირებული ტარიფები სავაჭრო გზების მიხედვით განსხვავებულია და 100-დან 300 დოლარის ფარგლებში მერყეობს“, - აღნიშნა გივი ჩაჩანიძემ.
მისივე თქმით, ჩინეთის პორტებიდან საქართველოში 40 ფუტიანი კონტეინერის ზღვით ჩამოტანა 3200 დოლარი ჯდება, აშშ-დან - 2000 დოლარი, ხოლო ევროპის ქვეყნებიდან - 1500 დოლარი. „აღნიშნულ თანხას კი, როგორც უკვე გითხარით, ემატება ფიქსირებული ტარიფები, რომლებიც ომის გამო შემოიღეს საზღვაო ხაზებმა“, - განმარტა COSCO SHIPPING LINES-ის კომერციულმა მენეჯერმა.
მან ზოგადად, გადაზიდვების დინამიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ რიგ ქვეყნებთან ტვირთბრუნვა შეჩერებულია.
„საუდის არაბეთი, კატარი, ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი და ბაჰრეინი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებთანაც გლობალურად, საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები დღეს არ ხორციელდება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, ჰორმუზის სრუტის შიგნით მდებარე ამ სახელმწიფოებთან, იმპორტ-ექსპორტს, ცხადია, ვეღარც საქართველო ახდენს. აღნიშნულ ქვეყნებთან საზღვაო ტვირთბრუნვა არ იყო ისეთი მაღალი, როგორიც მაგალითად - ამერიკასთან, ჩინეთთან და ევროპის სახელმწიფოებთან, თუმცა მთლიანი ბრუნვის, დაახლოებით, 5-8%-ს შეადგენდა, ამიტომ საკმაოდ უსიამოვნოა ამ ტვირთების დაკარგვაც. რაც შეეხება ისრაელს, მიუხედავად იმისა, რომ ომში ჩართული ქვეყანაა, მასთან სავაჭრო ურთიერთობები გრძელდება. ვინაიდან ისრაელი გეოგრაფიულად ჰორმუზის სრუტის შიგნით არ მდებარეობს, მისმა პორტებმა მოახერხეს და ოპერირება არ შეწყვიტეს. შესაბამისად, როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან ისრაელში იმპორტ-ექსპორტი, ამ ვითარებაშიც კი, აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა გივი ჩაჩანიძემ.
მისივე შეფასებით, თუ სამხედრო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში დიდხანს გაგრძელდება, ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების ინდუსტრიას, რადგან გლობალურად, მიწოდების ჯაჭვში სერიოზული შეფერხებებია.
ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 16 მილიონ ტონა ტვირთზე მეტი გადაამუშავა, რაც თითქმის 7%-ით მეტი იყო 2024 წლის მაჩვენებელზე.